სახლში ავი ძაღლია


– ხორცი ამიწონე რა ჩემი ძაღლებისთვის.

– რომელი ნაწილი გინდათ: თავი, გულმკერდი თუ შიგნეული?

საქართველოში მხოლოდ ფულიან კაცს შეუძლია, ბაზარში ნაყიდი ხორცით ძაღლები გამოკვებოს. ის არ ცნობს ძაღლებისთვის სპეციალურად დამზადებულ საკვებს და მიიჩნევს, რომ ბუნებრივი მასალა ხელოვნურზე უკეთესია. თავადაც ძალიან უყვარს ხორცი, კვირაში სამჯერ კი არა, ლამის ყოველ დღე ხორცს მიირთმევს, ხან შემწვარს, ხან მოხრაკულს, ხანაც ფარშისგან დამზადებულს, სხვადასხვა სოუსმოსხმულს, სუნელებით შეკაზმულს, ცხელ-ცხელს, ოხშივრიანს. ძაღლები ავი და ღონიერი ჰყავს, ხორცზე ისე დაგეშილები, რომ ხორცი თუ არ მისცა, პატრონს შეჭამენ.

ხორცი… უშიში, ვითარცა უხორცო… ხორცმეტი… განხორციელება… ხორციელი… ქართველები ხორცს ლამის ენაშიც ვაფეტიშებთ, ყველაზე მეტად სისხლი და გენიტალიები აღგვაგზნებს. “ძირს პროპაგანდა, ძირს პიდარასტები, ძირს ქართველების მტრები” – ყვირიან აღგზნებული კაცები მისამღერით “-ჯოს” “-ჯოს” “-ჯოს” და მუშტს ფალოსივით აღმართავენ. მუშტით საქმე რომ არ კეთდება, ეს ჯერ კიდევ არაცივილიზირებულმა ქართველებმა იცოდნენ. ისინი მუშაობდნენ გამთენიიდან დაღამებამდე, ხნავდნენ და თესავდნენ. მერე, ცივილიზაცია როცა მოგვიახლოვდა, ჩადიოდნენ მაღაროებში და ამოჰქონდათ თავიანთი გამჭვარტლული ოფლი… “ჯვარცმის” სახელით ცნობილი ყველაზე მაგარი პერფორმანსის ავტორიც ამბობდა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძირს ბოღმა, ძირს შური, ძირს სიზარმაცე, ძირს სქელი კანი, ძირს სიყრუვე და სიბრმავე, ძირს კრეტინიზმი და გონებაშეზღუდულობა, ძირს ორმაგი სტანდარტები, ძირს მწიგნობრები და
ფარისევლებიო ბოლოს და ბოლოს…

დიახ, სისხლი და სექსია ის, რასაც საქართველოში ყველაზე მეტი ხალხი გამოჰყავს ქუჩაში. დეტექტიური ჟანრია ასეთი, ტელესერიალების ესთეტიკით. თუ სცემ ისე, რომ სისხლი არ მოსდის, აბა, რა ცემაა; თუ ვიღაცის ინტიმურ ცხოვრებაში არ იქექები და “სექსი” არ მოგაქვს, აბა რა მასალაა! ვაღიაროთ, რომ ეს ყბადაღებული “პირადი ცხოვრება” ყველაზე რეიტინგული თემაა პოლიტიკურსა თუ სოციალურ კონტექსტში, ყველაზე მარტივ ნარატივებად ჩასაშლელი, გონების დიდ დაძაბვასა და მაღალ ინტელექტს რომ არ მოითხოვს. რატომ? იმიტომ, რომ ეს “ყველას ესმის, ყველამ იცის”. არადა, რეალობა სრულიად საპირისპირო რამეზე მეტყველებს, რადგან ცნობილია, რომ სხვისი პირადი ცხოვრების გამძაფრებული თუ პათოლოგიური ინტერესი საკუთარი პირადი ცხოვრების სიღარიბეზე ან არქონაზე მიუთითებს.

კამიუსაც კი შეშურდებოდა იმ აბსურდული სიუჟეტების, საქართველოში რომ იწერება. ის, რაც ლგბტქ თემა უნდა ყოფილიყო, მედიის თემად გადაიქცა ჟურნალისტებზე ნადირობის გამო; ის, რაც უპრეცენდენტო სოციალური აქტი იყო, – რიონის ხეობის მცველების მრავალთვიანი ბრძოლის შედეგი, – მოგვიანებით მწარე ნელსახცებლით შეზავდა: “ლგბტ+” ეროვნული ერთიანობის იდეის მტრად მოინათლა და რიონის მცველების ბევრი მხურვალე მხარდამჭერი იმედგაცრუებული დატოვა. ამონარიდი მათივე ფეისბუქის გვერდზე 2 ივლისს გაკეთებული განცხადებიდან:

“საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი ჩვენს მთავარ მონაპოვრად მივიჩნევთ იმ დიდ სამოქალაქო ერთობას, რისი მიღწევაც მოხერხდა ნამოხვანის თემის გარშემო. ჩვენ შეგნებულად ვცდილობთ, არ გავაფართოვოთ ჩვენი განცხადებების არეალი, რათა ყველაფერს არ მივედ-მოვედოთ, რომ არ გამოვიწვიოთ ისედაც ძალიან დანაწევრებული საზოგადოებრივი აზრის კიდევ უფრო მეტად დანაწევრება…”
https://www.facebook.com/rioniskheobisgadarchenistvis/posts/896148017642789
მაგრამ მცველები აქვე საჭიროდ თვლიან, პრაიდზეც მოგვახსენონ თავისი აზრი: “ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი, ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ ვთვლით, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე.”

როცა ამბობ, რომ კონცენტრირდები ერთი კონკრეტული პრობლემის ირგვლივ და არ გსურს ათას რამეს “მიედ-მოედო”, მაგრამ აპროტესტებ მხოლოდ ერთი ტიპის “შანტაჟს” და დუმხარ სხვა დანარჩენზე, იქნება ეს სამღვდელოების მხრიდან გამოვლენილი აგრესია თუ სასულიერო იერარქების ფარისევლობა, (სია გრძელია), ეს მინიმუმ, არადამაჯერებელია და მათივე ლოგიკით, დაუკრეფავში გადასვლას ნიშნავს. ღირებულებრივი თანხვედრის არარსებობა არ გულისხმობს მაინცდამაინც პროტესტის რეჟიმში ყოფნას. ადამიანის სექსუალური ორიენტაცია, ისევე როგორც რელიგიური აღმსარებლობა, მისი არჩევანი და უფლებაა, ისევე როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რა მოხდება, ქრისტიანებმა რომ გააპროტესტონ მუსლიმების, ბუდისტების ან სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთა შეკრების თავისუფლება… თბილისიც და ქუთაისიც ოდითგანვე სწორედ რელიგიებისა და ეთნოსების სიჭრელით გამოირჩეოდა, რაც მათ მოსახლეობას ”ქართველობას” კი არ ართმევდა, – მრავალფეროვნებას სძენდა… შეცდომა ყველას მოგვდის და მეც იმედს ვიტოვებ, მცველები ამ საცალფეხო წვრილ ბილიკზე გავლასაც შეძლებენ. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ არც ის კატეგორიული ტონი მგონია მართებული, რომელიც რიონის ხეობის მცველების მიმართ გაისმის. მათ ისედაც ყოველი მხრიდან უტევენ დიდი კაპიტალის ინტერესების მოდარაჯე მრავალთავიანი ურჩხულები.

5 ივლისის მღვდლების მიერ წაქეზებულ და მთავრობის მიერ ნებადართულ ძალადობაზე საქართველოს საპატრიარქოს მხოლოდ ფორმალური რეაქცია აქვს. ამაზე მეტყველებს საპატრიარქოს შეფასებაც:

“სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებებით ვცრელდება კადრები, რომ დღევანდელი შეკრების დროს მოხდა გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია.” (ციტატის დასაწყისში სიტყვა “სამწუხაროს” არ ვიმჩნევთ). “გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი”, ანუ ორგანიზებული ძალადობა იყოო – ამას არ ამბობენ.

კიდევ ერთი ციტატა საპატრიარქოს განცხადებიდან: “ძალადობა მიუღებელია და დასაგმობი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი; ამიტომაც სათანადო რეაგირება გვექნება ძალადობისკენ წამქეზებელ სასულიერო პირთა მიმართაც, თუკი ასეთები არსებობენ.”

საპატრიარქო არ ამბობს, რომ ეს “სასულიერო პირები” საქართველოს კანონმდებლობით უნდა დაისაჯონ, – ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირებაო. ჰოდა, სადაა ეს “სათანადო რეაგირება”? განცხადება გაკეთებულია 5 ივლისს და დღეს 15 ივლისია. და ბოლოს: “თუკი ასეთები არსებობენ” ცალსახად ფარისევლობაა, რადგან როგორც თავად ამბობენ, ვიდეოებიც ნახეს და ინფორმაციაც აქვთ.
https://patriarchate.ge/news/2780

ცხადია, არ შეიძლება ყველას ერთ ქვაბში ჩაყრა. ვიცით, რომ არსებობენ კეთილსინდისიერი მამაოები, ვისაც გულთან ახლოს მიაქვთ ხალხის გაჭირვება და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან, არსებობენ სულიერებით გამორჩეული ბერები, რომელთა გვერდით საოცარ სიმშვიდეს და დადებით ენერგეტიკას გრძნობ, არსებობენ ისეთებიც, ვისაც არ მოსწონს საპატრიარქოს ასეთი დომინაცია… მაგრამ ვსვამ კითხვას: რატომ არ საუბრობენ ერთეულების გარდა ამაზე სასულიერო პირები? ქრისტე ხომ მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს მათთვის, – სწორედ ის ქრისტე, რომელმაც ხმამაღლა გააპროტესტა ტაძარში ვაჭრობა; განა ეს თვალსაჩინო მეტაფორა არ არის პრობლემათა გრძელი ჯაჭვის, რომელსაც ამდენი ხანია დაათრევს ქვეყანა, იმ სისასტიკის, რომელმაც 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის შედეგად ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეიწირა?

ცეცხლზე ნავთი დაასხა პრემიერ ღარიბაშვილის მიერ 5 ივლისის ძალადობის შეფასებამ და ქვეყნის ბოლშევიკურ-თეოკრატიულ ჰიბრიდად გადაქცევის პროცესს კარი ფართოდ გაუღო. “ოცნების” ლიდერებმა ისიც კი ვერ გააცნობიერეს, რომ 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა პირველ რიგში მთავრობას და სახელმწიფოს გადაახიეს თავზე პარლამენტის წინ აღმართული დროშები. საზოგადოების სახეში შემოლაწუნება იყო ასევე სასწრაფო წესით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა, ისევე როგორც ვიცე-პრემიერად – ყოფილი იუსტიციისა და მოქმედი კულტურის მინისტრის. მერამდენე კარუსელი დატრიალდა 21-ე საუკუნის საქართველოში. პირველი კლასის არითმეტიკაში გავივარჯიშოთ ცოტა: 2+1=1+2 ხომ? ჰოდა, რა შეიცვლება, თუკი ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელიც მთელი 6 თვე “ერკვეოდა” იმაში, თუ როგორ მოეხდინა კულტურის უნიფიცირება, ახლა პრემიერ-მინისტრი გახდება?

თუკი ნამდვილი ცვლილება გვინდა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უნდა შევძლოთ როგორც თითოეულმა მოქალაქემ, ისე მთელმა ქვეყანამ, და ამას, მოგეხსენებათ, უნარ-ჩვევები სჭირდება. არაფერი არ კლავს ისე, როგორც რეალური საფრთხეების განცდისა და გააზრების ნელი და თანდათანობითი ატროფირება. თუკი ჩავთვლით, რომ ჩვენი ბედი სხვაგან წყდება, ასეც მოხდება. “ოცნებას” რომ ყველაფრის უკან მიშა ელანდება და ოპოზიციას – ყველაფრის უკან რუსეთი – ეს მხოლოდ გვადუნებს. 5 ივლისს პირველ რიგში ქართველებმა სცემეს ქართველებს და ამ აგრესიის ადრესატები ლგბტქ ადამიანები იყვნენ. თუმცა… ქართულ ენაში საინტერესო ზმნები გვაქვს, როგორიცაა: შემომელახა, შემომეხარჯა, შემომეჭამა… აგრესის ვირუსი კორონავირუსზე სწაფად ვრცელდება და მყისიერი ეფექტი აქვს. აგრესორის ტვინი სათვალის მინებივით იორთქლება და ვეღარ არჩევს ვის ურტყამს, ვერც იმას ხვდება, დროშის ტარი უჭირავს ხელში თუ ხელკეტი… და თუ მაინცდამაინც რუსულ ნარატივებს ვაბრალებთ ყველაფერს, კარგად გავიაზროთ, სად გვაქვს ამხელა ჩავარდნა, სრულ იდიოტებად რომ არ ვიგრძნოთ თავი და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ოფლიანი შემოსავლის წარმოუდგენლად მაღალი 20% მოჩვენებებთან ილუზორულ ომს არ ხმარდება. თუ ზრდასრულობა ნამდვილად გვინდა, კონკრეტული პრობლემების გააზრებისა და გადაჭრის გზები უნდა ვეძებოთ, როგორც ეს რიონის ხეობის მცველებმა მოახერხეს.

მოდით, გავმიჯნოთ ორი ტერმინი: ლგბტ და პრაიდი. ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ცხოვრებისას, გეების საყვარელ უბანში ვაშინგტონის ცენტრში, Dupont Circle-ში მდებარე კაფეში დავდიოდი ხოლმე. იქ გავიცანი ძალიან სასიამოვნო გეები (ასე ეძახიან ლგბტ-ს შტატებში), რომელთაც ეღიმებოდათ პრაიდის ხსენებაზე. მესმის, რომ აშშ-სგან განსხვავებით, საქართველოში სხვა კონტექსტი არსებობს. იგივე მეზობელ რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემი ნაცნობი გეებისადმი არასოდეს მიგრძვნია ისეთი აგრესია, როგორც საქართველოშია. იმასაც გეტყვით, რომ დღესაც კი, აშშ-ს ღრმა, ცენტრალურ შტატებში არის პატარ-პატარა ქალაქები, სადაც რედნეკები გეებს მიბეგვავდნენ, კანონის რომ არ ეშინოდეთ. ლგბტ თემმაც, ჩემი აზრით, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან ხანგრძლივად და თანმიმდევრულად უნდა იმუშაოს და თავის უფლებებზე საკანონმდებლო დონეზე იბრძოლოს. მარშის ჩატარებაზე კი ნერვების წყვეტას ხომ არ აჯობებს, “პრაიდმა” თვითგამოხატვის უფრო ორიგინალური ფორმები მოძებნოს? საინტერესო იქნებოდა თავად ლგბტ თემის თვალსაზრისი ამასთან დაკავშირებით. რამდენადაც ვიცი, მათი ნაწილი პრაიდის ჩატარებას არ მიესალმება და მიიჩნევს, რომ მოცემულ კონტექსტში ხალხის გაღიზიანების, პოლიტიკოსებისათვის ქულების ჩაწერის და თემის მიმართ მეტი აგრესიის გაჩენის გარდა ამას არაფერი მოაქვს, და მეტიც, პოლიტიკურად წამგებიანია მთლიანად ქვეყნისათვის.

დაგვიანებული სიყვარულის ახსნა რიონის მცველებს

ჩვენი კინო მეგობრების ზუმში შეხვედრას ჰგავს, როცა ხმა არ ემთხვევა გამოსახულებას – ხან იწელება ბგერა-ბგერა, ხან კი სიტყვები ისე სწრაფად გამორბიან, რომ საკუთარ თავს წინ უსწრებენ. რიონის ხეობის ხალხის კინო კი შავ-თეთრია, იცით, როგორი? უარყოფით კონტექსტში ათასჯერ ნახმარი კი არა, – საავტორო კინოსავით შავ-თეთრი, სადაც ყველაფერს თავისი ფუნქცია აქვს: განათებას, ახლოსა და მსხვილ ხედებს, დიალოგებს, ინტონაციას, და განსაკუთრებით – წყლის ხმას: ჩუმად მდინარესა თუ აზვირთებულს, ნაზად მოლიცლიცესა თუ ირგვლივ ყველაფრის წამლეკავს. ეს კინო სადაა, მაგრამ თავისი მხატვრული ზემოქმედებით ასჯერ და ათასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჰოლივუდის ჟანრში გადაღებული, მდარე სპეცეფექტებით შეკაზმული, მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე მომაბეზრებელი ტელესერიალი. ამ საავტორო კინოს იღებენ დარგის პროფესიონალები, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ კადრს მიღმა, აფიქსირებენ ყველა დეტალს, მცირესა თუ ძალიან მცირეს, ფიქრობენ, სად რა უნდა იყოს განლაგებული კადრში ისე, რომ ყველა საგანს თავისი დატვირთვა ჰქონდეს, მეტყველების თავისი ენა, მსჯელობენ, სად დაიწყოს და დამთავრდეს მოქმედება, რომ ფილმი მორიგი ტელესერიალის ესთეტიკას ახლოსაც კი არ გაეკაროს… ამ მუშაობის შედეგი ჩანს რიონის ხეობის მცველების სიტყვებსა და ქმედებებში, მათ სახეებზე აღბეჭდილია ამ პროცესის მკვეთრი კვალი… დიახ, დარგის პროფესიონალები, დარგის, რომელსაც სახელად ჰქვია სიყვარული, გონივრულობა, პრინციპულობა, სიმშვიდე, მიმტევებლობა, მოთმენისა და მოსმენის უნარი და ა.შ.

მაგრამ სადაც ნიჭია, მოგეხსენებათ, იქ შურიც ამოხეთქავს ხოლმე. როგორ წარიმართოს მონტაჟის პროცესი ისე, რომ თეთრი შავად გამოჩნდეს და შავი კი – თეთრად? თბილისისათვის ძალიან შემაწუხებელია ასეთი მობილიზება კონკრეტული პრობლემების გარშემო და “სოფლელების” მიერ დედაქალაქის ცენტრში გამართული ხალხმრავალი აქცია, მაშინ, როცა ვერც ერთი პოლიტიკური კლანი ამის მეათედ ხალხს ვერ აგროვებს… თბილისს უკვირს უსამართლობის განცდის არტიკულირება მშვიდად, თანმიმდევრულად და გონივრულად, და ამიტომ ყველანაირად ცდილობს ყურადღების სულ სხვა რამეზე გადატანას, თუნდაც (ამ შემთხვევაში) ისეთ მეორეხარისხოვანსა და პროვოკაციულ თემაზე, როგორც აქციის მოსაწყობად თანხის მოზიდვაა. “საიდან ფული, მიკირტუმ?” – გამომწვევად ეკითხება ტუჩებდაბერილი ყვითელი მედიაც. მარიტა მუსელიანი გულწრფელად იბნევა თამაშში შემოგდებული ასეთი სვლით, მაშინ, როცა რიონის მცველები ყველანაირად ცდილობენ მთელი რესურსი მოახმარონ კონკრეტულ პრობლემაზე საუბარს, არ გადაუხვიონ თემიდან, ყურადღება არ გადაიტანონ სხვა საკითხებზე. მაგრამ თბილისი პროვოკატორი მეძავივით კალთაში უხტება სიმპათიურ ახალგაზრდა ყმაწვილს და გამომწვევი ღიმილით მკერდზე ხან ერთ ღილს შეიხსნის, ხან – მეორეს… რიონის მცველები ხვდებიან, რომ თვალი უნდა გაუსწორონ ამ რეალობას და ეს ტესტიც უნდა ჩააბარონ.

ჰოდა, როცა კოლექტიური ინგა გრიგოლია პირდაპირ ეთერში შენობით მიმართავს ვარლამ გოლეთიანს, მითხარი ვინ ხარ და რა გინდაო, (თითქოს სასწაულივით დღეს გამოგვეცხადა ეს ადამიანი და არავინ არაფერი იცოდა მის შესახებ), ეს უკანასკნელი ხუთოსანი მოსწავლესავით სცემს პასუხს, მშვიდად და გონივრულად ჩამოყალიბებული არგუმენტებით შედის მასთან დიალოგში თუ დისკუსიაში და მოთმინებიდან ერთხელაც არ გამოდის იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა პასუხს აწყვეტინებენ… ქართულ ტელე-მედიაში ნამოხვანის ჰესების კასკადის თემაზე ადეკვატურად გაკეთებული ერთადერთი გადაცემა ვნახე, ნინო ზაუტაშვილის “რეალური სივრცე”, სადაც გეოლოგებმა და დარგის სხვა წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჰესთან დაკავშირებული დიდი რისკების შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებულ ანტისახელმწიფოებრივ ხელშეკრულებაზე.

ამ ყველაფრის მიუხედავად, რიონის მცველებს არც ბოდიშის მოხდა ეთაკილებათ, ნაპრემიერალ გვახარიასავით სიტყვის მასალად გამოყენებულის კი არა, – გულწრფელი ბოდიშის იმის გამო, რომ ცოტა ხნით თბილისელებს დისკომფორტი შეუქმნეს, იმათ, რომლებმაც ისიც კი ვერ აიტანეს, რომ საცობებში დიდხანზე ცოტა მეტხანს ისხდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ სხედან, და საერთოდაც, ფეხით სიარულს გადაეჩვივნენ, მთელი დღე ტელევიზორის და კომპიუტერის ეკრანების წინ არიან დასკუპებულნი და ირონიით უმზერენ ყველაფერს, რაც დედამიწის ზურგზე ხდება, მოკლედ რომ ვთქვათ – ყველაფერზე ღადაობენ, რასაც ადამიანურ ენაზე თუკი მოვთარგმნით – პირველ რიგში უსაქმურობა ჰქვია და მერე სხვა რამ. ასეთებს ორასმერამდენე კი არა, ერთი ღამის გათენებაც არ შეუძლიათ თბილი საწოლის მიღმა, ვერ წარმოუდგენიათ, რომ იდეებისგან შეპყრობილი ადამიანები ამას ბედავენ იმ პირობებში, როცა მთავრობა მოსმენის ნაცვლად არბევს მათ, გამუდმებით ტალახს ესვრის და მათი ჯანსაღი პროტესტის სხვადასხვა ხერხებით მარგინალიზაციას ცდილობს.

ფუთფუთებს სოციალური მედიაც “დატრენინგებულ” გოლეთიანზე, ყველაფერთან ერთად, ლოგიკური აზროვნება და თანმიმდევრობა უკვირთ, პოლიტიკური კლანებისგან არ არიან ამას შეჩვეული, და რაც მთავარია, ვერ წარმოუდგენიათ, რომ პროტესტი შეიძლება “მართული” არ იყოს… დიდი ხანია თვალს ვადევნებ რიონის ხეობის მცველებს, მაგრამ მხოლოდ ახლახანს გავიგე ეს მშვენიერი ფაქტი, რომ მარიტა მუსელიანი ვარლამ გოლეთიანის დედა ყოფილა. თავად მათ ამაზე არასოდეს გაუმახვილებიათ ყურადღება. ეს დედა-შვილი საოცრად ავსებს ერთმანეთს, როცა საუბრისას ერთს რაიმე გამორჩება, მეორე ამატებს…

ფუთფთებენ თბილისელი სნობებიც და ფარშევანგის კუდივით ლამაზი აქსესუარებით ინიავებენ ირონიულ აგრესიას. თურმე, ნუ იტყვით და, აქციაზე მოსულთა ნებისმიერ გამოხტომაზე რიონის მცველებმა ტრიბუნიდან უნდა აკეთონ განცხადებები ან მედიის წინაშე იხადონ ბოდიშები… წესრიგს ნორმალური მთავრობის პირობებში პოლიცია უნდა იცავდეს, მაგრამ მთავრობას დიდი ხანია გათიშული აქვს ტელეფონი და გასულია მომსახურეობის არედან. თბილისმა იმდენი მოახერხა, რომ ზოგჯერ გაუაზრებლად, ფუქსავატურად და ზოგჯერ გამიზნულად რიონის მცველებს პოლიტკორექტულობაც შეტენა და ლამის ლგბტ-ს დამცველებად მოგვივლინა ხალხი, რომელიც ძალიან გარკვევით ამბობს თავის სათქმელს და ემიჯნება იმას, რასაც უნდა გაემიჯნოს.

“ძმებ კარამაზოვებში” არის სრულიად დაუვიწყარი სცენა: როცა კარამაზოვები ბერ ზოსიმასთან რჩევის მისაღებად მიდიან, კელიაში შემოსული ბერი მუხლებზე ეცემა დიმიტრი კარამაზოვის წინ, უჩოქებს მას. მოგვიანებით, როცა მორჩილი ალიოშა კარამაზოვი ზოსიმას ეკითხება, რა იყო ამის მიზეზიო, ზოსიმა პასუხობს, რომ დიმიტრი კარამაზოვში მან დაინახა უდიდესი ტანჯვა და ამ ტანჯვას დაუჩოქა. ეს გამახსენდა მაკა სულაძის პასუხზე, – ჯვარს აღარ ვატარებო… კაფანდარა მარიტა მუსელიანის თბილისში “დიდ გასეირნებაზე” კი ის ეპიზოდი მახსენდება “ნატვრის ხიდან”, ვირზე შემჯდარ მარიტას პერსონაჟს ტალახს რომ ესვრის მთელი სოფელი. არ ვიცი, რა გაახსენდებათ თავად რიონის მცველებს, მე კი უცნაურმა, თუმცა ნათელმა სევდამ შემიპყრო როცა 26 მაისის ღამეს ისინი თბილისიდან წავიდნენ. საქართველოში როცა ჩამოვალ, ალბათ სოფელ ნამოხვანსაც მივაკითხავ და ამ ხალხს პირადად ვეტყვი მადლობას. მადლობას იმისათვის, რომ გააშიშვლეს გაკოტრებული სისტემა, რომ ლაკმუსის ქაღალდივით იმოქმედეს საზოგადოებაზე, მკაფიოდ აჩვენეს, რომ ბრძოლას ნებისმიერ შემთხვევაში აქვს აზრი, რომ გონიერების, პრინციპულობის და თანადგომის მასტერკლასი ჩაგვიტარეს სრულიად საქართველოს… ზოგიერთების გასაგონად კი იმასაც დავძენდი, რომ ასეთი თავისუფალი სულების გარეშე ჯერ კიდევ 1776 წელს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ჩაწერილი “Life, Liberty and the pursuit of Happiness” (სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერება) მხოლოდ ლიტონი სიტყვები იქნებოდა და მეტი არაფერი.
“არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე.”

რატომ დაგვცინიან მოციმციმე ანგელოზები?

ჩვენ არნახული პატრიოტული სულისკვეთებისა და სანახაობის მოყვარული ერი ვართ, ამიტომაც გვაქვს ამდენი თეატრი, გვყავს ამდენი პოლიტიკოსი, და საერთოდ, ქართულ კულტურაზე შეყვარებული ადამიანი. მსოფლიოს რომელი კუთხიდან აღარ ჩამოდიან ჩვენთან, ფეხით რომ მოიარონ მთელი საქართველო, სვანეთის კოშკებით აღფრთოვანდნენ, მათი სიძველით, ტროიკული, ბოდიში, სტოიკური ხასიათით, ასე ორგანულად რომ ერწყმის კავკასიონს. რა შვეიცარია, რის შვეიცარია! – აი, აქაა ბუნებისა და ისტორიის ნამდვილი ტენდერი, ბოდიში, ტანდემი! პრობლემებს რა გამოლევს და, ეს ძეგლებიც ინგრევა, მაგრამ 2012 წელსაც (ხომ გახსოვთ ეს წელი?) ასე იყო: https://www.radiotavisupleba.ge/a/24628722.html. მართალია, 2020 წელსაც რაღაცეები დაინგრა, მაგრამ იცით რა? ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ფული არა გვაქვს, თორემ გული – იცოცხლე, შეგვტკივა, განსაკუთრებით – ბანკების მმართველებსა და საფონდე ბირჟავიკებს, ბოდიში, ბირჟებს, შიგადაშიგ კი პარლამენტარებსაც შეაქვთ თავიანთი წილი პატრიოტიზმის ყულაბაში…

განა არ გვაწუხებს ის, რომ ტურისტული მარშრუტის მნიშვნელოვანი რგოლი შეიძლებოდა გამხდარიყო ბოლნისის, ბოდიში, საყდრისის ოქროს საბადოები. ხომ გვითხრეს, უძველესი და უნიკალურია, დედამიწაზე ამის მსგავსი არაფერი გვინახიაო. მაგრამ ქველმოქმედებასაც სახსრები უნდა, მოსახლეობაზე და ხალხზე ზრუნვის გამო გადავდგით ასეთი ნაბიჯები – ამ საცოდავ, ღარიბ ქვეყანაში ოქრო უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ტურიზმი და გადამთიელთა ინტერესებისათვის ზრუნვა. ახლა, ისე არ გამიგოთ, რომ ტურისტები არ გვინდა, მაგათი ედგა სული ხალხს, ცოტა შვებას ნახულობდა ეს კორონა რომ არა. მაგრამ ჩვენ კორონა შეგვაშინებს? აგერ, 2021 წლის დასაწყისში განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის, მემკვიდრეობისა და უზრუნველყოფის მინისტრის თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პანდემიის დროს 2 ახალი მუზეუმი გაიხსნა – ვანში და საყდრისში, ბოდიში, ბოლნისში. “ერთადერთი” – როგორც იტყვიან, key word-ია, ბატონებო! https://www.radiotavisupleba.ge/a/31114058.html

ახლა ორიოდე სიტყვით გელათზე. რა აღარ დაიწერა, ასეთი თუ ისეთი სათაურით. მაგალითად, 2020 წლის ივლისში რადიო თავისუფლების საიტზე განთავსებულ სტატიას ერქვა: “გელათის დაზიანებული ფრაგმენტი “რეაბილიტაციის თანმდევი პროცესია”, – პასუხისმგებელი პირები არ დაისჯებიან.”

მაგრამ იცით თუ არა, რომ იუნესკოს საიტზე გელათი რომ მოძებნოთ, 125 შედეგს ნახავთ, დიახ, ას ოცდახუთს! https://whc.unesco.org/en/search/?criteria=gelati&searchbutton= აბა, დღეს კი არ წარმოქმნილა ამდენი პრობლემა! თვით ვიკიპედიაში წაიკითხავთ, რომ 2010 წელს იუნესკომ ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანა, საიდანაც 2017 წელს გამოიტანა კიდეც. წყალი რომ ჩამოდის, ეგეც შეკეთდება, მარტო ლაპარაკი კი არაა საჭირო. შეცდომა იმას მოსდის, ვინც საქმეს აკეთებს. აი, ნახეთ: ქალბატონმა თეამ როგორ ენერგიულად დაიწყო: https://publika.ge/saagentos-seriozuli-kharvezebi-aqvs-dashvebuli-gelatis-restavraciis-processhi-kulturis-ministri/?fbclid=IwAR38pL84IHcgPFBKeHIgHWB6WfTyxt6-bIKgC0VtagZnj5rjGHoeVHiOTQY

“…დადგინდა, რომ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი, რომელიც (…) გადახურვებისთვის იყო გამოყენებული, დაბალი ხარისხისაა, რამაც ინტერიერში წყლის ჩაჟონვა და კედლის მხატვრობის დაზიანება გამოიწვია.” მოკლედ, გამყრელიძის, ბოდიში, წულუკიანის დასკვნა გამოტანილია და ახლა დამნაშავებსაც დააჯარიმებენ ანდა დასჯიან.

რაც შეეხება მცხეთას, ახლახანს დაიბეჭდა სტატია “ქალაქი – მუზეუმი. რა ბედი ელის მცხეთას?” https://publika.ge/article/qalaqi-muzeumi-ra-bedi/ სადაც ვკითხულობთ:
ბოლო თვეების განმავლობაში მცხეთის გენერალური გეგმის ირგვლივ მსჯელობა გააქტიურდა, რაც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებებმა გამოიწვია, ქალაქში დაწესებული მორატორიუმის მოხსნის შესახებ.”

ბატონი გახარია, მოგეხსენებათ, ბიზნეს-ომბუდსმენიც იყო, ეკონომიკის მინისტრიც, შსს მინისტრიცა და პრემიერ მინისტრიც, და ალბათ იცის, რატომ სურს, გაუქმდეს მორატორიუმი, რომელიც ზღუდავს ახალ მშენებლობებს. მცხეთაც, გეცოდინებათ, იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლების სიაშია. და ბოლო-ბოლო, იუნეკო დაიცავს მას, თუკი ყოფილებს აღარ ეპიტნავებათ.

ახლა კიდევ, რიონის ხეობის მცველები თუ გუშაგებიო, ნამოხვანის ჰესი არ გვინდაო, მიწა-წყალს ჰყიდითო, ესაო, ისაო, რას აღარ მოისმენ… ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ენერგოდამოუკიდებელი და საერთოდ, დამოუკიდებელი იყოს მთელი ცივილური სამყაროსაგან, ბოდიში, ცივილური სამყაროს მსგავსად. და თუკი მომავალ არჩევნებში “ნაციონალური ოცნება” გაიმარჯვებს … (პაუზა)

დიახ, უნიკალურია სვანური კოშკები თუ ბაგრატის ტაძარი, საყდრისის ოქროს საბადო თუ მცხეთა – ქალაქი მუზეუმი, საერთოდ – ჩვენი ქვეყანა და მიწა-წყალი, რადგან უნიკალურია თავად ქართული სული! სწორედ ამის სალუსტრაციოდ, ბოდიში, საილუსტრაციოდ, ყოველ შობა-ახალწელს დედაქალაქში ანგელოზთა დასი ეშვება, რომ თბილისის ქუჩები ვერცხლისფერსა და ოქროსფერ ციმციმში გამოახვიოს.

P.S. ამ ბოლო დროს ერთი ანდაზა ამეკვიატა: კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ბოლოს ავიღე და დავგუგლე. აღმოჩნდა, რომ ინგლისურშიც და რუსულშიც ძალიან მსგავსი ანდაზა არსებობს: Man proposes, God disposes. Человек предполагает, а Бог располагает. როცა მრავალი თქვენგანივით სევდიანად ვათვარიელებ ქართულ საიტებზე ნიუსების სათაურებს, გამუდმებით ჩამესმის ბოხი, ხრინწიანი ხმა, რომელიც ამ ბლოგის სტილისტიკით რაღაცეებს მიმტკიცებს. თავი მომაბეზრა უკვე, როგორც მოულოდნელად გამომხტარმა სარეკლამო რგოლმა, რომლის დახურვასაც ცდილობ, აბეზარი ფანჯარა კი არა და არ იხურება.

კორონასავით უხილავი ლიტერატურული პროცესი

ამ წერილს თავიდან შედარებით მოკლე Facebook-სტატუსის ფორმა ჰქონდა. მასზე ლიტერატურულ პროცესებში და მის მენეჯმენტში ჩართული რამდენიმე ადამიანი დავთაგე. სტატუსის ქვეშ განთავსებულმა კომენტარებმა უფრო მეტად დამარწმუნა, რომ ლიტერატურული პროცესის მენეჯმენტი საქართველოში დახვეწასა და მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს. უმადური ადამიანის პოზიციიდან რომ არ ვწერო, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ამ მხრივ ბოლო ხანებში გარკვეული წინსვლაა.

რეგულარულად შევდივარ მწერალთა სახლის ვებგვერდზე და ვკითხულობ ინფორმაციას ახალ-ახალი ინიციატივების შესახებ, იქნება ეს ლიტერატურული კონკურსები, მთარგმნელობითი რეზიდენციები, ავტორთა და მთარგმნელთა წამახალისებელი სტიპენდიები თუ სხვა. მიხარია, რომ მწერალთა სახლსა და კულტურის სამინისტროში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის ჰაერივით საჭიროა ასეთი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა მხოლოდ ეს არაა საკმარისი. „თვალსაჩინოებისათვის” მხოლოდ ერთი მაგალითის მოყვანაც კმარა: არ არსებობს ჟანრული ლიტერატურული პერიოდიკა, როგორიცაა ლიტერატურული კრიტიკის, თარგმანის ან თუნდაც პოეზიის თეორიებსა და პრობლემატიკაზე მომუშავე ჟურნალები, რომელთა დაფინანსებაც სახელმწიფოს იმაზე მეტი ნამდვილად არ დაუჯდება, რასაც იმ ავადსახსებელ საახალწლო განათებებსა თუ მთავრობის წევრების ვოიაჟებზე ხარჯავს…

თუმცა ერთია ფორმა და მეორე – შინაარსი (თუ პირიქით). გავიმეორებ, კულტურის ისეთი სფეროს განვითარება, როგორიცაა ლიტერატურა, გასაგები მიზეზების გამო, არ საჭიროებს დიდ ფინანსებს, როგორსაც მაგალითად, – კინოინდუსტრია, და უცნაური ტერმინი რომ ვიხმაროთ – „ხარჯეფექტურია”. მიუხედავად ამისა, საჭიროებს დიდ ცოდნასა და გემოვნებას, ასათვისებელ ბიუჯეტთან ერთად ლიტერატურული პროცესის სწორად დაგეგმვასა და განკარგვას, და მის ყველა მიმართულებაში პროფესიონალების ჩართვას.

ამ პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსები და პრემიები, რომლებიც, გასაგები მიზეზების გამო, ერთგვარ ფუფუნებას წარმოადგენს ავტორებისა და გამომცემლებისათვის, და სტიმულია მწერლებისა და მკითხველებისათვისაც. მაგრამ ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიების უპირველესი როლი ლიტერატურული პროცესის გამოცოცხლებასთან ერთად, ინტრიგებისა და კლანურობის ნიშნების წახალისებაცაა და დაჯილდოებების სერიალთა ამ მოდურ-შატოურ რიტუალებში თავად ლიტერატურული პროცესი და მასზე რეფლექსია იდევნება. რატომ? პასუხი არცთუ ისე რთულია: არ იმართება დისკუსიები თუნდაც შორთლისტებში შესული ავტორების ტექსტებზე, ვერ ვხედავთ თავად ლიტერატურული პროცესის სხვადასხვა მხარეს, ან თუნდაც – იმ ავადსახსენებელ „კულუარებს“, ასე ხშირად რომ იხმარება პრემიების კონტექსტში. პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საწყენი ისაა, რომ „პოეტების ქვეყანაში” პოეზიაში ცალკე კონკურსი არ არსებობს და პოეზია ამა თუ იმ პრემიაზე მხოლოდ ნომინაციის დონეზე განიხილება.

ამ მხრივ, უნიკალური იყო ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია პოეზიის მთარგმნელებისათვის, რომელიც წელს მწერალთა სახლის მიერ კურირებული პრემიების სიიდან გაქრა და გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ კურირებული, შეცვლილი ფორმით მოგვევლინა მთარგმნელთა 35 წლამდე ასაკის შეზღუდვით. მოკლედ, როგორც იტყვიან, „გაახალგაზრდავდა”. პოეზიის მთარგმნელთათვის ასეთივე ასაკობრივი შეზღუდვა დააწესა მწერალთა სახლის ახალმა პრემიამ „ლიტერა მთარგმნელებისათვის”. ცხადია, მთარგმნელთა დამოუკიდებელი პრემია წინ გადადგმული ნაბიჯია იმ ფონზე, როცა თარგმანი მხოლოდ ნომინაციის სახით არსებობდა ამა თუ იმ კონკურსზე. მაგრამ ამ პრემიების ორგანიზატორებმა რატომღაც არ გაითვალისწინეს ერთი გარემოება: „ლიტერაში” პოეზიის თარგმანი მხოლოდ ერთ ნომინაციაშია წარმოდგენილი – მთარგმნელის 35 წლამდე ასაკობრივი ბარიერით, მაშინ, როცა პროზა ცალკე, დამოუკიდებელ ნომინაციაშიცაა წარმოდგენილი. http://writershouse.ge/geo/new/1496

მოკლედ, პოეზიის თარგმანი „კოტეტიშვილის” პრემიის მსგავსად, „ლიტერაშიც” დაისაჯა, რადგან მთარგმნელებს, რომელთაც 35 წელს გადააბიჯეს, თავიანთი თარგმანების წარდგენის საშუალება არ მიეცათ. ეს პრემიის მენეჯმენტში დაშვებული შეცდომაა.

შემომეკამათებით და მეტყვით, რომ ახალგაზრდა მთარგმნელების წახალისება საჭიროა. უმალვე დაგეთანხმებით, რომ საჭიროა და აუცილებელი, რადგან ახალი თარგმანი ახალი ენა და რიტმია, წიგნის ახალი სიცოცხლეა და კულტურული ქვეყნის სტატუსი თუ გვინდა, თარგმანებს აუცილებლად სჭირდება არაერთი სუბსიდია, რადგან ეს სფერო კომერციულად მომგებიანი არაა. სამაგიეროდ, როგორც იტყვიან, მოგება გრძელვადიანია, რადგან კარგად თარგმნილი წიგნი ეროვნულ ლიტერატურას ამდიდრებს და ახალ სისხლს გადაუსხამს. ამ მხრივ, განსაკუთრებული სიფაქიზით უნდა მოვეპყროთ პოეზიის თარგმანს, რადგან ამქვეყნად თუკი რამეა არაკომერციული, ეს დიდი ძალისხმევითა და სკრუპულოზური შრომით შექმნილი პოეზიის თარგმანია.

შეცდომები იმას მოსდის, ვინც საქმეს აკეთებს. უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ შეცდომების აღიარება და ვიფიქროთ მათი გადაჭრის საუკეთესო გზებზე. ეს კულტურა საქართველოში ახლა მკვიდრდება და ამ დისკუსიებს ხელშეწყობა უნდა. სწორედ ამიტომ არაჩვეულებრივი იქნებოდა შეგვექმნა ღია, ონლაინ ლიტერატურული პლატფორმა, რომ თავად ლიტერატურული პროცესი არ ყოფილიყო უხილავი; რომ არავის ჰქონდეს შეგრძნება, რომ ამ პრემიებზე წარდგენილი წიგნების კორპუსებს მხოლოდ ავტორთა სახელები აწერია ფასადზე. შიგნით კი – ვინ რა ცხოვრებით ცხოვრობს, ვერ შევიტყობთ, მანამ, სანამ არ დავიწყებთ რეფლექსიას თავად პროცესზე, არ ჩავატარებთ დისკუსიებს, ჟიური მოკლე დასკვნის სახით მაინც არ დადებს თავის აზრს შორთლისტის ამა თუ იმ ნომინანტზე, არ შეიქმნება საერთო ონლაინპლატფორმა ტექსტების შესახებ გამოთქმული მოსაზრებების განსათავსებლად, სანამ ჟიური ერთხელ და სამუდამოდ არ ჩამოიხსნის „ანონიმურობის” იდუმალ ჩადრს და გახდება სრულიად კონკრეტული, ექნება არაერთი ბერკეტი, რომ დაასაბუთოს თავისი ფავორიტის ღირსება და ა.შ. ამ ციფრულ ეპოქაში, ასეთი პლატფორმის შექმნა სულ მცირე ხარჯითაა შესაძლებელი. მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვკარნახობს მისი შექმნის აუცილებლობას. არაერთი ასეთი პლატფორმა არსებობს, და შორს რომ არ წავიდეთ, მოკლედ მოგიყვებით ჩვენი მეზობელი ქვეყნის მაგალითზე, ქვეყნის, რომლის ლანძღვა ახლა „პროდასავლურობის” იარლიყის მიკერების მასკულტურის ნიმუშია.

სანკტ-პეტერბურგში, რომელიც რუსეთის ფედერაციის კულტურულ დედაქალაქად მოიაზრება, უკვე ექვსი წელია არსებობს არკადი დრაგომოშენკოს სახელობის პრემია. ესაა ექსპერიმენტული ახალგაზრდული პოეტური პრემია, რომელიც მიზნად ისახავს „მონოლითური” რუსული პოეტური კორპუსის შერყევას და გარკვეულწილად მის დეკონსტრუქციას. უბრალოდ რომ ვთქვათ, ახალი, თანამედროვე პოეტური ფორმების ძიებითაა დაკავებული. https://atd-premia.ru/  პრემიას ერთობ არასტანდარტული ფორმატი აქვს: ჟიურისთან ერთად არსებობენ ნომინატორები, რომლებიც, open call-ში შემოსული ტექსტების გარდა, პრემიაზე სხვადასხვა ავტორს წარადგენენ. ოც ნომინატორთა შორის არიან კურატორები, პოეტები, კრიტიკოსები, გამომცემლები და ლიტერატურული სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები.

საიტზე პრემიის ფარგლებში ჩატარებული დისკუსიებისა თუ კონფერენციების უამრავი ვიდეომასალაა. ყოველწლიურად იდება არა მხოლოდ მოკლე სიაში შესული ავტორების ტექსტები და ბიოგრაფია, არამედ – გრძელ სიაში შესული ავტორებისაც. თითოეულ პოეტს წარადგენს ერთ-ერთი ნომინატორი მისი შემოქმედების ორიენტირისა და ღირსებების მოკლე მიმოხილვით. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია შევიდეს პრემიის საიტზე და წაიკითხოს ახალი თუ საარქივო მასალა, მოუსმინოს პრემიის ფარგლებში ჩატარებულ დებატებს და ა.შ.

როგორც აღვნიშნე, ესაა სრულიად ახალგაზრდა, სულ რაღაც ექვსი წლის წინ დაარსებული პრემია. ეს არის წარმატებული მოდელი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი და პატარა ბიუჯეტი; მოდელი, რომლის მუშაობა პოეზიაზე შეყვარებული ადამიანების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც შესაძლებელია მსგავსი ონლაინპლატფორმის შექმნა. შესაძლებელია ინტერაქტიული პლატფორმაც, სადაც ჟიურის წევრების არგუმენტრებულ ერთაბზაციან ტექსტს მაინც წავიკითხავთ ლიტერატურის მოყვარულები, გვექნება ინტერაქტივის, ამა თუ იმ თემაზე დისკუსიის საშუალება, და ეს ყველაფერი იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც „ცა-ფირუზ-ხმელეთ ზურმუხტი”.

ეროტიზმის დეფიციტი

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ მისი ათასობით ფანის შემხედვარეს ჩემდაუნებურად აღმომხდა კითხვა: ასე რატომ ამაღლდა ბატონ გახარიას რეიტინგი? გავიხსენოთ, რომ ცოტა ხნის წინ, როცა შსს მინისტრი იყო, ლამის დასცინოდნენ, მოლაპარაკე თაბაშირის ბიუსტიც კი დაუდგეს მის ლამის ჩეკისტურ სტილად შერაცხულ რიტორიკას, სამიზნე კი სწორედ ის სიტყვა აღმოჩნდა, ქართველი პოლიტიკოსების ლექსიკონში რომ თითქმის არასდროს გვხვდება. დიახ, “ბოდიში” მაქვს მხედველობაში.

რა არის ის “დაკვეთა”, რასაც უმრავლესობა ითხოვს პოლიტიკოსისაგან, და რომელსაც, როგორც არაერთხელ მწარედ ვიწვნიეთ, არაფერი აქვს საერთო ქვეყნის და ხალხის სამსახურში დგომასა და კეთილდღეობასთან?

გავიხსენოთ ბატონი ივანიშვილის მიერ დატოვებული პოლიტიკური ანდერძი, სადაც მკაფიოდაა ნათქვამი, რომ “მამა” სწორედ რომ იმ დროზე ოცნებობს, როცა ერს “ძლიერი” ოპოზიცია ეყოლება… მეც, როგორც არაერთ ადამიანს, გამიჩნდა გონივრული ეჭვი, რომ პრემიერის გადადგომაც ამ სცენარის ნაწილი შეიძლება იყოს… მიხეილ სააკაშვილის ოინები ხომ ლამის ზეპირად ვიცით უკვე და თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია თქმა, რომ თამაშში შემოგდებული დაჭერობანაც გათვლილი იყო მეოცნებეთა წარმოსახვის ვიწრო დიაპაზონზე. ასეთ დროს კი შანსი სწორედ იმ ფიგურებს ეძლევათ, ვინც საკუთარი ტუზების ნაცვლად (რადგანაც ხელში არ უჭირავთ) სხვისი ვალეტებით გადიან ფონს. ჩვენი “ეროვნული დიდსულოვნების” ხარჯზე ასეთ ფიგურებს მაშინვე აეწებებათ ზედსართავ სახელთა ჯარი: დამოუკიდებელი, თამამი, გაბედული, გონიერი, მოხერხებული და ა.შ.

“წასვლა” რომ წასვლა არ არის და შესაბამისად – არც “გადადგომაა” გადადგომა, ამ ფილმის მერამდენე სერიას ვუყურებთ უკვე. ესაა უნიჭო ტელესერიალი საშინელებათა ჟანრში, სადაც არჩევანი ყოფნა-არყოფნას შორის კი არ კეთდება, არამედ “ყოფნებს” შორის. ტელესერიალის პერსონაჟები ბოროტი სულები არიან, რომლებიც ჩასახლდებიან რომელიმე კონკრეტულ ადამიანში და მისი ხმით იწყებენ ლაპარაკს. რეჟისორის მიზანია ტოტალურ ნიჰილიზმში ჩააგდოს მაყურებელი და მეათასედ გაუმეოროს: “ამაოება ამაოთა, და ყოველივე ამაო”, რომ მერე “ხალხის” სახელით ჩაიდინოს ბოროტება, “სიკეთის” სახელით ძარცვოს, “ღმერთის” სახელით ჩაკლას იმედი, და ბოლო-ბოლო, “სიყვარულის” სახელით გაანადგუროს… აქ, ტელევიზორივით პატარა პლანეტაზე ყველაფერი ტრიალებს უჩინმაჩინი მეფის გარშემო, ფოლკლორშიც რომ მოხერხებულად შესახლდება ხოლმე და ხან ნაცარქექიად გადაიქცევა, ხანაც – რწყილად, რომელიც ახტა, დახტა და გადახტა… იგივეს აკეთებს ყველა მისი ერთგული ქვეშევრდომიც, რომელზეც ფსონი იდება: ახტება, დახტება და გადახტება. (ხომ გახსოვთ სიმღერა: “აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ”).

სანამ მეფეს ერთგული ქვეშევრდომები მრავლად ჰყავს, იგი ძლიერია. მაგრამ მეფეს ერკინება ბაყბაყდევის შთამომავალი, რომელსაც ასეთივე უპირობო ძალაუფლება სწყურია. იგი ყველაფერში ინტროვერტი მეფის ანტიპოდია: პოდიუმზე სიარული და მოსასხამის ფრიალი უყვარს, რიხით საუბრობს, მუშტის მოღერება ეხერხება და ხისტი გამონათქვამები ახასიათებს, მოკლედ, მეფისა და მისი ყოფილი (თუ მომავალი) პრემიერ-მინისტრივით ტკბილმოუბარი არაა… მთელ სიუჟეტს აღარ მოვყვები, ისედაც იცით… თუმცა ერთს დავამატებ: ოდნავ მაინც დაკვირვებული თვალი კარგად ამჩნევს, რომ უჩინმაჩინი მეფე და ბაყბაყდევი ერთი მედლის ორი მხარეა და მათი ღირებულებების შკალა არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან…

თქვენი არ ვიცი და, ამ ბოლო დროს, სწორხაზოვანი რელიგიური და პოლიტიკური ქადაგებების მოსმენისას ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ვხედავდე, ფეხებს როგორ აბაკუნებენ გრძელწვერა თხები. შავ ანაფორასა თუ კოსტუმ-შარვალში ჩამწყვდეული სხეულები კარგავენ ადამიანურ ფორმებს, იდღვიბებიან და ნამდვილ თხებად იქცევიან, აი, რუსებს რომ აქვთ სიტყვა: Козёл – ისეთებად. ისინი ყველანაირად ცდილობენ სოციალური ტერორის სხვადასხვა, გაცვეთილი ფორმების გამოყენებას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ 21-ე საუკუნეში ფორმა განსაზღვრავს შინაარსს, და მით უფრო – ქართულ პოლიტიკაში! შინაარსით უმრავლესობას ვერ მოიმადლიერებ, რადგან შინაარსს წვდომისა და ანალიზის უნარი და წლობით გაწეული ძალისხმევა სჭირდება. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოება დაიღალა კრიზისებით, რევოლუციებითა და პოლარიზაციით, უმრავლესობას მაინც დღევანდელი კვერცხი ურჩევნია, და კვერცხებზე მეტად კი – ქათმებივით კაკანსა და თხებივით ბღავილთან კონტრასტული ნაზი ეროტიზმით სავსე ხმა, აი, ისეთი, ყოფილ პრემიერს რომ აქვს და რასაც ამდენი ადამიანი გაეტირა!

შეუნიღბავი ლოქდაუნი

სიკვდილი და მისი შიში ბესთსელერია და განსაკუთრებით – პანდემიის დროს. საქართველოში კარგად იყიდება მისი ნათესავიც (ბებიის მხრიდან) – ეპითეტი “საწყალი”, რომელიც ბესთელერი თუ ვერ გახდა, გარკვეული კაპიტალი მაინც დააგროვა: თუ “საწყალი” და “საცოდავი” ხარ, დაბალ ღობედ მოგიაზრებ, ჩემთან ვერასოდეს შემოხვალ კონკურენციაში, რადგან მე, თუნდაც ცოტათი, მაგრამ მაინც შენზე ძლიერი, ლამაზი, მოხერხებული და ჭკვიანი ვარ და ამდენად – თითქმის დაცლილი შენდამი შურისა და აგრესიისგან. შემიძლია ერთი-ორი ლარი შეგაწიო, თბილი სიტყვა გითხრა, გულებიც კი დაგიხატო ფეისბუქში და მერე მშვიდი სინდისით დავიძინო.

დიახ, მხედველობაში მაქვს ვითომ საწყალი და ვითომ საცოდავი. ეს “ვითომ” ბავშვების საყვარელი სიტყვაა. აბა, გაიხსენეთ, ბავშვობაში რომ სახლობანას, ომობანას, დამალობანას თუ სხვა “-ობანას” თამაშობდით და წარმოსახულ სამყაროს აგებდით: ვითომ შენ ხარ მამა და მე – დედა. ვითომ ომია და სანგრებში ვართ დამალულები. ვითომ ტყეში ვართ და დევები მოგვდევენ… “საწყალი” – სხვისი აგრესიის მოსაგერიებლად, ხოლო “საცოდავი” – საკუთარი განზრახვების განსახორციელებლად ფრიად მოხერხებული სვლაა: თამაშის ელემენტიც შემოაქვს და ჩვენს უზადო პატივმოყვარეობასაც სასიამოვნოდ ფხანს ზურგს.

მაგრამ მართლა საწყლებს და საცოდავებს როგორ ვექცევით ამ რთულ პერიოდში, აი, იმათ, ვისაც ჩვენ – ძლიერები, ლამაზები, მოხერხებულები და ჭკვიანები – ასეთებად მივიჩნევთ? არადა, მათ რიცხვმა პანდემიის შემდეგ უფრო იმატა. იმასაც ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მათი პრობლემები არ აწუხებს და მეტიც, სოციალურ ტერორზეც კი მიდის. არადა, თუ არ იყვირებენ და “მსხვერპლად” არ გაფორმდებიან, მათი ხმა არავის ესმის. კადრში სისხლი და “მსხვერპლის” სტატუსისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები თუ არ მოხვდა, რეზონანსი ნულთან ახლოსაა.

სიტყვა “ლოქდაუნი” არ მომწონს, ამიტომ სხვა სახელს ვეძებ, უფრო ადვილად რომ მივიღო ეს რეალობა, რომელშიც ასე ერთბაშად აღმოვჩნდით ყველანი. იქნებ რაიმე პოზიტიურიც ვიპოვო მასში… “შეზღუდული შესაძლებლობები”- ეს სიტყვები ამეკვიატა. ვფიქრობ, “შშმ პირები” – ასე მოხდენილად რომ დავარქვით – ეს ხალხი დაგვეხმარებოდა ძალიან. მათ აქვთ ისეთი გამოცდილება, რაც ჩვენ, მათზე პრივილეგირებულებს, ვერ გვექნება. მივიდეთ მათთან, კამერები და მიკროფონები მივუშვიროთ, ფოტოაპარატები ავაჩხაკუნოთ.

იმ სახლში, სადაც გავიზარდე, კარის მეზობლად ერთი გოგონა ცხოვრობდა, რომელიც ვერ ლაპარაკობდა, მხოლოდ ღმუილის მსგავს ხმებს გამოსცემდა. როცა ვესალმებოდი, მარინაც თავისებურად იტყოდა “გამარჯობას” და ამ დროს მისი ულამაზესი ცისფერი თვალები ისეთი გრძნობით ივსებოდა, ასნაირად წარმოთქმულ “გამარჯობაში” რომ ვერაფრით ჩატევ. ესეც ხომ რაღაცნაირი “ლოქდაუნია”, როცა ჩვენი ერთი შესაძლებლობა ჩამორჩება მეორეს, მაგრამ ეს მეორე გაცილებით აღემატება პირველს და სამყაროს ჩვენს ირგვლივ სხვა პრიზმაში გამოატარებს. ეს “მეორე” მკვეთრად ხაზს უსვამს რეალობის კონკრეტულ ფრაგმენტებს, იმ ფრაგმენტებს, რომლებსაც შეუიარაღებელი თვალით ვერ დავინახავდით. ამდენად, ეს ლოქდაუნიც ერთგვარი სათვალეა, რომელიც გვიცვლის აღქმის მანძილს ჩვენი მხედველობის შესაფერისად – მინუსებში ან პლიუსებში.

ჩემს სადარბაზოში ერთი ბიჭი ცხოვრობს, საშა, შიზოფრენია აქვს. პანდემიის დროს ხშირად ვხედავ ლიფტის კართან აყუდებულს, სმარტფონი უჭირავს ხელში ლოცვების ტექსტით და ლიფტის წინ კითხულობს ლოცვებს. ყოველ შეხვედრაზე კანფეტს მჩუქნის და ლიფტში შესვლისას ხელის დაქნევით მემშვიდობება. თავი პატარა ბავშვი მგონია. “ჩემო ხორბლისფერო, ციფრულო ღვთისმშობელო…” – ვჩურჩულებ აფორიაქებული. ერთხელ სიგარეტიც შემომთავაზა. არ გამკვირვებია, მადლობა გადავუხადე, არ ვეწევი-თქო და გამოველაპარაკე. მითხრა, რომ ლიფტის კარი სამოთხის ან ჯოჯოხეთის კარებია, რომ ღმერთს ლიფტის კართან შეხვდება… “ჩემო ხორბლისფერო, ლიფტის ღვთისმშობელო, მოგვეცი ძალა და მხნეობა, ნუ წაგვართმევ სიყვარულის უნარს, რის გარეშეც არარაობა ხდება სიცოცხლე”…

აქვს თუ არა სიყვარულს შეზღუდვები, ლიმიტი, ჩარჩო, რეგლამენტი? თუკი ღმერთს ყველა უყვარს, მას განსხვავებულებიც უნდა უყვარდეს – ისინი, ვისაც ასე მოურიდებლად ავატყიპეთ იარლიყები. მარინას და საშასნაირებიც უნდა უყვარდეს, ჰომოსექსუალებიც უნდა უყვარდეს… უცნაური ქართული ისტერიკა, რაც ამ უკანასკნელს თან სდევს, ღმერთის არგაგებაა და არა ღმერთის გაგება. ჩემზე რომ იყოს, ტაძრებიდან გავყრიდი მღვდლებს, რომლებიც ზიზღს განიცდიან ჰომოსექსუალების მიმართ, ხოლო ამ უკანასკნელთათვის ტაძრის კარებს ფართოდ გავაღებდი. საინტერესოა, რამდენი მამაო დარჩებოდა ტაძარში… არადა, თუკი ვთვლით, რომ ღმერთი სიტყვაა, ანუ იდეა, ამ იდეის მატარებელი თანაბრად შეიძლება იყოს ქალიც, კაციც და ტრანსგენდერიც. თუკი ვთვლით, რომ ღმერთი სიყვარულია, როგორ უნდა დავუშვათ ის, რომ ღმერთს მხოლოდ ჰეტეროსექსუალები (ანუ “ნორმალურები”) უყვარს მაშინ, როცა იგი უსაზღვროდ იღება უკანასკნელი მოძალადის მიმართ, და სწორედ სიყვარულის გავლით იღება. ახლა კი რას ვხედავთ? იმას, რომ ეს კარები ჩაკეტილია, მარინა და საშა კი “საწყლები” არიან. საკმარისად არაა ჩვენში სიყვარული, რომელიც ჯერ-ჯერობით უნივერსალურ ღირებულებადაა აღიარებული დედამიწის ყველა ერსა და კულტურაში…

ლოქდაუნის დროს ერთ რამეს მივხვდი: ფსიქიკურად რომ არ დავზიანდე, უნდა ვეცადო, სხვადასხვა ფორმებით გამოვხატო ის, რასაც ვფიქრობ და განვიცდი, ის რისიც მეშინია. ხალხშიც ხომ ამბობენ – შიშმა იცისო. ალბათ ამ შიშმა დამაწყებინა პოეტური ციკლი “ლოქდაუნი”, დამაწერინა ბლოგები, დამეხმარა სხვადასხვა პროექტების დაგეგმვაში… მათ შესახებ ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, ზოგიერთი დაინტერესდა და ჩაერთო კიდეც. ასე განხორციელდა ერთთვიანი ონლიან-პერფორმანსი სახელწოდებით “ეგრეთ წოდებული”, რომლის შესახებ მოკლედ გიამბობთ:

დიდი ხანია, რაც გაგვიჩნდა განცდა, რომ სიტყვები გამოიფიტნენ, გაშრნენ, დაკარგეს მნიშვნელობები. უფრო და უფრო ხშირად ვამბობთ სიტყვათშეთანხმებას: “ეგრეთ წოდებული”, ანდა თუკი ვსაუბრობთ, “ბრჭყალის” აღმნიშვნელ ჟესტს ვიყენებთ. ვიფიქრეთ, ამის არტიკულაცია მოგვეხდინა ისეთი ფორმით, რომელიც თავად გახდებოდა შინაარსი და ფეისბუქში გავაკეთეთ დროში გაწელილი პერფორმანსი სამ ენაზე: ქართულად, რუსულად და ინგლისურად. თამაშში შემოვიტანეთ ერთი მარტივი წესი: გამოთქმა “ეგრეთ წოდებული” ყველა პოსტში დარჩენილიყო, ხოლო მომდევნო სიტყვა/სიტყვები შეცვლილიყო. პოსტების დადება სიმბოლურად იმ დღეს დავიწყეთ, როცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა და გაგრძელდა ერთი თვე. პერფორმანსის ოთხი მონაწილე: ანდრო დადიანი, დაშა სუხოვეი, ჯონ ნარინსი და ნენე გიორგაძე მონაცვლეობით ვმუშაობდით ფრაზაზე და ყოველ დღე, დღის 12 საათზე ანდრო დადიანი ფეისბუქში ათავსებდა პოსტებს. სიმბოლური იყო დღის 12 საათიც, რადგან ამ დროს რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში პეტრესა და პავლეს სახელობის ციხესიმაგრიდან “ისვრიან” ზარბაზანს, იგივე “პუშკას”, როგორც “დერჟავას” ძლევამოსილების სიმბოლოს. ჩვენც გადავწყვიტეთ, დაგვეცინა ამ სიმბოლიკისათვის და სწორედ ამ დროს “გაგვესროლა” ანუ დაგვედო პოსტი. პერფორმანსის სქრინშოტები განთავსებულია პროექტის ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/So-called-%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%D1%82%D0%B0%D0%BA-%D0%BD%D0%B0%D0%B7%D1%8B%D0%B2%D0%B0%D0%B5%D0%BC%D1%8B%D0%B9-103247575103646

და ბოლოს: ზოგჯერ ისეთი განცდა მაქვს, რომ ნიღაბი თუ პირბადე გვაქვს აფარებული განსხვავებულის შიშის წინაშე… გავიხსენოთ, რომ მცენარეები “ჰერმაფროდიტები” არიან, ორივე “სქესი” აქვთ. არის თუ არა ეს ნორმიდან “გადახრა”? სასაცილო კითხვაა, ხომ? ჩვენი სიცოცხლისათვის ასე მნიშვნელოვან ფლორას კულტურული სტერეოტიპები არ ეკარება და ტოტები ფართოდ გაუშლია. იქნებ, ჩვენც შევეცადოთ, დავუსხლტეთ კლიშეების ამ გაშეშებულ გეომეტრიას და “კორექტულობის” ხათრით კი არა, შინაგანად მივიღოთ განსხვავებული ადამიანები, კულტურები, რელიგიები, და მთელ მენტალობას თუ ვერ გამოვიტანთ ჩარჩოებიდან, ერთი ყლორტი მაინც გამოვაძვრინოთ.

ვაკანსია “პ”

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ნოამ ჩომსკის ტიპის ქართველი პოლიტიკოსი. მხედველობაში მაქვს ჩომსკის მშვიდი და თანმიმდევრული საუბრის მანერა და არა ინტელექტუალური გაქანება, რომელზე პრეტენზიაც ალბათ კიდევ დიდხანს ვერ ექნებათ ქართველ პოლიტიკოსებს. ჩომსკი, ებრაული წარმოშობის ამერიკელი ინტელექტუალი, მასაჩუსეტის შტატის ცნობილი უნივერსიტეტის MIT-s ლინგვისტიკის პროფესორი იყო წლების განმავლობაში. საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, ჩომსკი მრავალრიცხოვან ინტერვიუებში, ლექციებსა თუ გამოსვლებში სრულიად დაცლილია ეგზალტაციისაგან როცა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე აგრესიული საგარეო პოლიტიკა აქვს მსოფლიოში. იგი მშვიდად და თანმიმდევრულად საუბრობს ამერიკულ კორპორაციათა (მათ შორის ფარმაცევტულ) ბნელ მხარეებზე, სიმდიდრის აკუმულაციაზე ამერიკელი პოლიტიკოსებისა თუ კორპორაციების მიერ, მათი ლობისტებისა თუ იურისტების არმიაზე, შეერთებული შტატების ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაზე – პრეზიდენტ ობამას მიერ ორი მილიონი ემიგრანტის დეპორტაციაზე და ა.შ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 წელი ვიცხოვრე და იმ ავადხსენებულ კორპორაციაშიც მომიწია მუშაობა. კორპორაცია არ იყო ფედერალური მასშტაბის, მუშაობდა ატლანტის მეტროპოლიტენსა და მის შემოგარენში ჯორჯიის შტატში, სადაც მაშინ ვცხოვრობდი. ანუ ამერიკული კორპორაციების ზომებს თუ გავითვალისწინებთ, იყო საშუალოზე პატარა. ამ კორპორაციაში მუშაობის დაწყება გადამაწყვეტინა ფედერალური მასშტაბის კორპორაციების “დღის წესრიგის” გაცნობამ, კერძოდ – იმ ფინანსურმა სქემამ, რომელსაც ეს კორპორაციები თავიანთ თანამშრომლებს სთავაზობდნენ: თანამშრომლის მიერ გამომუშავებული თანხის 40 პროცენტი რჩებოდა კორპორაციას, ვიმეორებ: თანამშრომლის მიერ გამომუშავებული თანხის 40 პროცენტი კორპორაციის ჯიბეში მიდიოდა, ხოლო იმ დარჩენილ 60 პროცენტს თუ გამოვაკლებთ ბიზნესის წარმოების ხარჯებსა და გადასახადებს, თანხა მნიშვნელოვნად მცირდებოდა. ის კორპორაცია კი, სადაც მუშაობა დავიწყე, თანამშრომლის მიერ გამომუშავებული თანხის 30 პროცენტს, ანუ ცოტა უფრო ნაკლებს იჯიბავდა. სანაცვლოდ სთავაზობდა სივრცეს დიდ ფეშენებლურ ოფისში, სადაც კლიენტის მიყვანა და მასთან მოლაპარაკების წარმოება იყო ხოლმე შესაძლებელი, ბიზნეს ბარათს, ბეიჯს და რჩევას კორპორაციული ოფისიდან. მოკლედ, რაც უფრო დიდი და ტიტულოვან-სახელოვანი იყო კორპორაცია, მით უფრო კაბალური პირობები ჰქონდა. ამიტომ როცა საუბარია ამერიკული კორპორაციების ბნელ მხარეებზე, ჩემთვის ეს ყურმოკრული ამბავი კი არა, პირადი გამოცდილების სფეროა.

მაგრამ დავუბრუნეთ საქართველოს და ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც მშვიდად და თანმიმდევრულად ახსნის, რა პლიუსები და მინუსები აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რას მოიგებს ან წააგებს ქვეყანა მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში (ეგება და, ნატო ქვეყნის დაქცეულ ეკონომიკას ააღორძინებს, როგორც ზოგიერთს ჰგონია) და ა.შ. ან წარმოვიდგინოთ აწიკვინებული მედია და დამოძღვრის მოყვარულ ქართველ ინტელექტუალთა აღგზნებული სახეები, თუკი რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი ჩომსკივით მშვიდად და თანმიმდევრულად დაასაბუთებს თავის მოსაზრებას, თუ რატომაა წინააღმდეგი საქართველოს ნატოში გაწევრიანების.

მაგრამ ასეთი რამ არ ხდება, იმიტომ კი არა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი სრულიად თანხმდება იმ უდავო ჭეშმარიტებაზე, რომ ნატო და მხოლოდ ნატოა ჩვენი, როგორც ერის, ხსნა. გაგეცინათ? ქართველი პოლიტიკოსები ან მორცხვად დუმან ამის შესახებ, ან ისე დაბეჯითებით იმეორებენ, თითქოს ნატოს აჩრდილი ხმელი და მაღალი მისტერ სტოლტენბერგივით ყველგან უჩუმრად თან დაჰყვებათ. ხომ გახსოვთ ქართული ანდაზა: ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო. “დიახ, კნიაზჯან, ფული. ეს სოფელმა სულ ფული, ფული, სხვა ყველამ ტყუილია”, – როგორც მიკირტუმას პერსონაჟი იტყოდა გიორგი ერისთავის კომედიაში “გაყრა”.

როგორია კრებითი ქართველი პოლიტიკოსი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში? ლავრენტი არდაზიანის “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” ასე იწყება: “სახელი ჩემი სოლომონ, გვარი – მეჯღანუაშვილი. რაც ქვეყანაში კაცად გამოველ, მეთაკილებოდა ჩემი გვარი და ამიტომ ვცდილობდი გვარი როგორმე შემეცვალა, მაგრამ ვერ მოვახერხე, თუმცა სხვანი ადვილად ახერხებენ. ხან მინდოდა მიმეცა რუსული დაბოლოება, ესრეთ: მეჯღანუევ, მეჯღანუიჩ, მეჯღანუევსკი; მაგრამ სიტყვა ჯღანი არ ამოვარდა.”

ის გამოთქმაც გავიხსენოთ: მაჩვენე ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო, – და მისი პერიფრაზიც გავაკეთოთ: მაჩვენე, სად მიდის შენი ფინანსები და გეტყვი, როგორი სახელმწიფო ხარ შენო. და ჰოი, საოცრებავ: სიგრძე-სიგანით წარმოჩინდება სიმახინჯეთა მთელი ჯაჭვი თუ კასკადი, თანამედროვე საქართველოს ისტორიას შავი ლაქასავით რომ გასდევს და ქვეყნის უკიდურესი გაჭირვების მთავარი მიზეზია.

მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები ამაზეც სდუმან, ეს არაა მათი პრიორიტეტი. სამაგიეროდ, მთელი გალერეაა შექმნილი განტევების ვაცისა, ყბადაღებული რუსეთიდან თუ ნაც-ქოცური “დისკურსიდან” დაწყებული და ლევან ზურაბიშვილით დამთავრებული. კრებით ქართველ პოლიტიკოსს არ აღელვებს სოციალური თემატიკა, არ აღელვებს სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილი ბავშვები, არ აღელვებს, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში საშუალო კლასის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. კრებითი ქართველი პოლიტიკოსი კუნთებს ათამაშებს, ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას პანდემიის პირობებში ნახევრად აშენებულ სახლებს უნგრევს, თან ურცხვად აცხადებს, რომ მათ სხვაგანაც აქვს “ქონება დარეგისტირებული” და ამით “აპრავებს” თავის სისასტიკეს. „გათენებული არ იყო, შვიდის ნახევარი ან უფრო ადრე იყო. შინ ვიყავით, გვეძინა. გამოგვყარეს და დაგვინგრიეს სახლი. ორნი ვიყავით ბინაში. რაღაცების გამოტანა მოვასწარით და დანარჩენი ყველაფერი დალეწეს“, – ჰყვება აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი, რომელსაც საცხოვრებელი დაუნგრიეს სამგორის რაიონში. წინასაახალწლოდ მთელი ქვეყანა ადევნებს თვალს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური ტერორის ამგვარ გამოვლინებებს. არც გაბრაზებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოდიან პარლამენტის წინ სოლიდარობის ნიშნად, “მტერი” ხომ შინაურია, არც გავრილოვი ჩასკუპებულა პარლამენტში… რითი განსხვავდება მმართველი პოლიტიკური კლასის სისასტიკე თავისი წინამორბედის სისასტიკისგან? არაფრით!

კრებითი ქართველი პოლიტიკოსი არ მოქმედებს საქართველოს ინტერესებით, იგი ან ერთი ან მეორე ქვეყნის დროშას აფრიალებს და “ფასილიტატორებთან” დარბის საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად. თი-ბი-სი ბანკის მფლობელმა დარცხვენილი სახით სულ ცოტა ხნის წინ გაგვიმხილა, რომ არ იცოდა ქართულ სოფლებში რა გაჭირვებაც იყო, სამაგიეროდ დიდი ენთუზიაზმით საუბრობს ანაკლიის პორტსა და იმ სარგებელზე, რასაც მომავალში ეს პორტი ხალხს, ჰო, სწორედ “ხალხს” მოუტანს. გირჩის ლიდერი მისთვის ჩვეული უშუალობით გვამცნობს, რომ ძირითად ფინანსურ რესურსს ქვეყნის სამხედრო გაძლიერებაზე გადაისვრის, (რომლის შედეგადაც, ალბათ, საქართველო მეზობელი რუსეთივით ახალ რაკეტებსა თუ წყალქვეშა ნავებს გამოიგონებს), ოღონდ, არ აკონკრეტებს, ვის უნდა მოვუგოთ ბრძოლა: რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს თუ – ვაიდა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ხოლო მთლად “ხალხური წიაღიდან” გამოსული ხელმწიფე ქალაქიდან ატყორცნილი კოშკის გაუმჭვირვალე შუშებითაა გარშემორტყმული, სადაც ქვემოდან წამოსული ვერც ხმაური აღწევს და ვერც მძვინვარება. მის სამფლობელოში შესვლის უფლება მხოლოდ მზის სხივებსა აქვთ – დედამიწაზე ედემის ბაღს აშენებს, აბა, ტყუილად ხომ არ დააქვს ხეები!

ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. საქართველოში 60 დარეგისტრირებული პოლიტიკური პარტია ყოფილა, როგორც არჩევნების წინ ცესკოს საიტიდან გავარკვიე. ამდენი ფსევდო-პარტიით თუ ლიდერით გაძეძგილ ქვეყანაში ისეთი დღის წესრიგი მოქმედებს, კიტჩიც რომ აღარ ჰქვია. აქ დღეს ბევრი ვაკანსიაა, და პირველ რიგში – ისეთი პოლიტიკოსების (განზრახ ვხმარობ კრებითს, რადგან მადლობა ღმერთს, გვყავს ერთი-ორი), რომლებიც დუჟმორეულნი კი არა, არამედ მშვიდად და თანმიმდევრულად დაგველაპარაკებიან და ასევე იმოქმედებენ. ბევრი ეს ვაკანსია “პ”-ზე იწყება: პარლამენტარი, პარტია, პროფესიონალი, პატრიოტი… (და კიდევ – პრინციპი, პროგრამა, პრესა…) დანარჩენი თქვენ დაამატეთ. მე კი იმით დავასრულებ, რომ კინო, რომელსაც დღეს ვუყურებთ, ერთი ცუდი, მაგრამ ჟღერადი სიტყვით დახასიათდება და ისიც “პ”-ზე იწყება.

რა ენა წახდეს, ერიც გაბოზდეს

თუკი ქართული “ნიუსების” მომხმარებელი ხართ, თქვენი სმენისკენ მოწანწკარებს კი არა, მოედინება – რა? უცხო სიტყვათა წყარო კი არა, აქოჩრილი მდინარე, იმ ჩვენი თერგივით ბობოქარი. თუკი კითხულობთ თანამედროვე ქართულ მედიას და წყურვილი გკლავთ ინფორმაციის შესმისა თუ შეჭმის, ძალიან ხშირად უცხო სიტყვათა ლექსიკონში უნდა ითევზაოთ, რომ წინადადების აზრს ჩაწვდეთ, სადაც 5 სიტყვიდან 4 ხაზგასმულად არ არის მშობლიურ ენაზე. ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ენა ხომ მთლად დაგიკარგავთ ჭამის მადას, მაგალითად, ასეთი წინადადება:

ჯგუფების ფასილიტაცია თავის თავზე ითავა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რომელმაც ქოუჩინგის ტექნიკის გამოყენებით პროცესი პროდუქტიული გახადა”.

უცხო სიტყვებსაც რომ თავი დავანებოთ, ამის დამწერს (თუ მთარგმნელს) იმდენიც კი არ ესმის, რომ “თავის თავზე ითავა” ტავტოლოგიაა და თანაც – სამმაგი.

თუმცა ენაში მარტო ერთი ხაფანგი როდია დაგებული. “საავტორო უფლებები” მხოლოდ კონკრეტულ უცხო ენებზეა მოპოვებული. მაგალითად: “ანიმაცია” მაღალი სტილია, “მულტფილმი” – დაბალი სტილი, “სტიკერი” მაღალი სტილია, “ნაკლეიკა” – დაბალი და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი ენის დომინანტი ჩანაცვლებულია მეორე ენის დომინანტით. როცა იმპერია ძლიერდება, ბუნებრივი პროცესია, რომ ამ იმპერიის ენა ე.წ. “რბილი ძალის” ფუნქციას ითავსებს. ისეთმა ენებმა, როგორიცაა ინგლისური, ესპანური თუ ფრანგული, ვიცით, რომ “დაიპყრეს” არა თუ ცალკეული ქვეყნები, არამედ კონტინენტების დიდი ნაწილი და ხშირ შემთხვევაში ან სრულიად განდევნეს, ან მნიშნველოვნად შეასუსტეს პატარა ენები. არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი, თუკი წინააღმდეგობა არ გავუწიეთ – ყველა დონეზე: როგორც პიროვნულად, ასევე სახელმწიფოებრივად.

მე ენაში ექსპერიმენტების ფანატი თუ არა, მოყვარული ნამდვილად გახლავართ. არც იმის წინააღმდეგი ვარ, ქართული გამდიდრდეს ახალი სიტყვებით, რომელთა ექვივალენტი ჩვენს ენაში არ მოიძებნება და რომლებსაც სხვაგვარი კონოტაცია გააჩნიათ. თუმცა არ მესმის, რატომაა აუცილებელი “კრეატიულის” ხმარება, თუკი გვაქვს ისეთი მშვენიერი სიტყვა, როგორიცაა “შემოქმედებითი”, რომლის ფუძე “მოქმედებაა”. ეს სიტყვა არათუ ირიბად, არამედ პირდაპირ მიაბიჯებს იმ ცნობილი სიტყვისაკენ “ერის მამად” შერაცხილმა ილია ჭავჭავაძემ რომ დაგვიბარა: მოძრაობა და მარტო მოძრაობა, ჩემო თერგოო… თუკი ვამბობთ, რომ პიროვნებების კულტია ჩვენში, რატომ არ არის ილიას კულტი, ან მაგალითად, – ნიკო მარის, რომელიც წერდა: “ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება… აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთ ევროპისა, რომ არათუ ქართულმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს. ისე მდიდარია ქართული ენა, შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებით იგი მსოფლიო ენაა”.

თუკი ცივილურ სახელმწიფოზე გვაქვს პრეტენზია, ქართულ ენაზე ზრუნვა ჩვენი კულტურის პოლიტიკის ნაწილად უნდა მოვიაზროთ და ამ მხრივ სრულიად კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. მეტიც, პატრიოტიზმი პირველ რიგში ენაზე ზრუნვა მგონია და არა ურაპატრიოტული მოწოდებების ფრქვევა თუ ეს ყბადაღებული “ტერიტორიები”.

კონკრეტული ნაბიჯის მაგალითია ქართულ ლექსიკონებზე პერმანენტულად მუშაობა, მათი შევსება-გამდიდრება და ინტერნეტ-ბიბლიოთეკებში ატვირთვა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე უამრავი ლექსიკონის გვერდით, მაგალითად, არ არის ატვირთული ქართულ სინონიმთა ლექსიკონის 2016 წლის გამოცემა, კარლო ჯორჯანელის მიერ შედგენილი, და მხოლოდ 1978 წელში გამოცემული ალექსანდრე ნეიმანის მიერ შედგენილი სინონიმთა ლექსიკონია ხელმისაწვდომი (რაც მე, როგორც მთარგმნელს, ძალიან მაწუხებს). 38 წელი კი, დამეთანხმებით, ძალიან დიდი დროა ენის განვითარებისათვის.

კონკრეტული ნაბიჯის მაგალითია ქართული ენის შესასწავლი კურსების შემუშავება და მათი ხელმისაწვდომობა უცხოელი მოქალაქეებისათვის, ვისაც ქართული ენის შესწავლა სურს. შეერთებულ შტატებში ცხოვრებისას, როცა მეკითხებოდნენ, თუ სად შეიძლებოდა ქართული ენის შესასწავლი ონლაინ-კურსის შეძენა, პასუხის გაცემის დროს, მართალი გითხრათ, სირცხვილით ვიწვოდი.

კონკრეტული ნაბიჯის მაგალითია საბავშვო ინტერნეტ- რესურსების ხელმისაწვდომობა. როცა ჩემი შვილი ეს-ესაა ლაპარაკს იწყებდა (მე დიდი ხანია აღარ ვცხოვრობ საქართველოში), ინტერნეტში, მადლობა ღმერთს, ვიპოვე საქართველოს ეროვნული არქივი ქართული ზღაპრების 1960-70-იანი წლების აუდიო ჩანაწერებით. ზღაპრებს არაჩვეულებრივად კითხულობენ გამოჩენილი ქართველი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გოგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი და სხვები. ჩემი პატარა საათობით უსმენდა ხოლმე ამ ზღაპრებს. მერე ბავშვი წამოიზარდა და მხოლოდ ზღაპრები აღარ აკმაყოფილებდა. უამრავ საბავშვო აუდიო წიგნს ვპოულობდი უფასოდ ინტერნეტში რუსულ თუ ინგლისურ ენებზე, მაგრამ ქართულ ენაზე ძალიან შეზღუდული იყო არჩევანი. ჩემი შვილი, ისევე როგორც საქართველოს გარეთ მცხოვრები ბევრი ქართველი ბავშვი, არაა განებივრებული ქართველი ბებიისა თუ ბაბუის გვერდით ყოფნით და, როგორც აღმოჩნდა, – არც ქართული საბავშვო აუდიო წიგნებით. არადა, არ არის რთული ამის გაკეთება. თუკი 60-70-იან წლებში მოხერხდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხომ გაცილებით იოლი უნდა იყოს ამის გაკეთება?

ახლა კოვიდ-სეზონია და მინდა ვურჩიო ქართველ პოლიტიკოსებს, აბსურდული მოთხოვნების მაგივრად, მაგალითად ეს კონკრეტული მოთხოვნები დააყენონ დღის წესრიგში. ენა ხომ უნივერსალური სახლია, რომელშიც გადის ჩვენი ბავშვობა და მერე, სადაც წავალთ თანვე მოგვყვება, მასში ვცხოვრობთ, მასში ვაზროვნებთ, მასში განვიცდით, მშობელი დედაა ფაქტიურად და ამიტომაც მრავალ ენაში სწორედ დედას უკავშირდება. ერთფეროვანს ნუ გავხდით მას, რაც “გვაქვს უთვალავი ფერითა”, და თუკი კატალონიელებივით “კომპიუტერს” სხვა სიტყვით ვერ ჩავანაცვლებთ (კატალონიურად “ordinador”), რაც გვაქვს, იმას მაინც მოვუფრთხილდეთ.

“ისე, როგორც არასდროს”

ეს ბლოგი არაა პოლიტიკაზე, არც – ერთ კონკრეტულ ადამიანზე, ამ შემთხვევაში მედეა (დეა) მეტრეველზე, წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილ დირექტორზე, ახლა კი “ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრზე. ამ სახელის ნაცვლად ნებისმიერი სხვა შეიძლება ფიგურირებდეს. უბრალოდ, მინდა დავსვა შეკითხვები, რომლებზეც გამზადებული პასუხი არ მომეპოვება, თუმცა, როგორც იტყვიან, მაქვს “გონივრული ეჭვი”.

რადიო თავისუფლების ინტერნეტ გვერდზე ამ ცხელ წინასაარჩევნო პერიოდში რეგულარულად ვამოწმებ გადაცემა “დილის საუბრების” სტუმარს, სხვადასხვა “საარჩევნო სუბიექტის” წარმომადგენელს, რომელსაც წამყვანი იწვევს ეთერში. უმეტესობას ვერ ვუსმენ, რადგან სურვილი არ მაქვს დუნედ, მოზომილად თუ ეგზალტირებით ტირაჟირებადი ტყუილის მომხმარებელი გავხდე, ბოლო-ბოლო, ჩემი დრო მენანება. თუმცა გამონაკლისს ძირითადად (მაგრამ არა ყოველთვის) ის სტუმრები წარმოადგენენ, რომლებიც კულტურის სფეროში არიან ან იყვნენ ჩართულნი. ასეთი მაგალითია ქალბატონი მედეა (დეა) მეტრეველიც, რომელიც, როგორც აღვნიშნე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი იყო წლების განმავლობაში.

“დილის საუბრების” წამყვანთან ინტერვიუში https://www.youtube.com/watch?v=1bi22IMhhAM ქალბატონი დეა ჩამოთვლის მთელ რიგ პრობლემებს, რომელთა გადაჭრის გზები “უალტერნატივოა” და ამ ჭეშმარიტებაზე საავტორო უფლებები შემმუსვრელი მახვილივით მხოლოდ “ლელოს” უპყრია ხელთ. “ჩვენ, ქალი ლიდერები”, “ჩვენ, ქალმა ლიდერებმა…” — ამ სიტყვათა შეთანხმებას მოწვეული სტუმარი სხვადასხვა ბრუნვებში მოიხსენიებს ქალთა უფლებების დაცვაზე აქცენტით. მე კი მახსენდება მასთან ორიოდე წლის წინანდელი ურთიერთობის არცთუ სასიამოვნო ფაქტები, კერძოდ, ოთხჯერ როგორ დაბლოკა წიგნის ცენტრმა ერთი კონკრეტული (ქალი) ავტორის წიგნის გამოცემაზე შემოტანილი საგრანტო განაცხადი იტალიური და ბრიტანული გამომცემლობების მიერ.

ამის შესახებ მაშინ ღიად დავწერე: http://liberali.ge/articles/view/36501/shercheviti-samartali-frankfurtis-forumisatvis-mzadebis-protsesshi მაგრამ სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მანამდე არაერთი იმეილი გავუგზავნე წიგნის ცენტრის დირექტორს, მთარგმნელობითი პროგრამის მენეჯერსა თუ სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს. სამეთვალყურეო საბჭოს შვიდი წევრიდან ოთხმა მომწერა, რომ არ ესწრებოდა საბჭოს სხდომას, რომ მათ გარეშე იქნა გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, თავად ქალბატონი დეა მოკლე და მშრალ ოფიციალურ წერილებში მპასუხობდა, რომ სამეთვალყურეო საბჭო წყვეტდა, თუ რომელი პროექტი უნდა დაფინანსებულიყო. მოკლედ, გვახსოვს ეს სიმღერა საბჭოთა დროიდან, როცა ერთი ინსტანციიდან მეორისკენ იშვერენ თითს, როცა პასუხისმგებლობა კონკრეტულად არავის ეკისრება. თუკი დავუშვებთ, რომ მართლაც ის საბჭო წყვეტდა რაიმეს, რაშიც მე გონივრული ეჭვი შემაქვს, 7 წევრიდან 4-ის არდასწრება, მარტივი ლოგიკით ნიშნავს, რომ ხმათა უმრავლესობა არ იკრიბება. (სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იყვნენ: ივანე ამირხანაშვილი, ლევან ბრეგაძე, ლაშა ბაქრაძე, ანი კოპალიანი, გაგა ლომიძე, გაგა ნახუცრიშვილი, ირაკლი ჯავახაძე). მოკლედ, დემოკრატიას ციფრები და სტატისტიკა უყვარს, მოგვწონს ეს თუ არა.

რატომ არის ქალბატონი დეას, როგორც “ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, მიერ ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრის გზები “უალტერნატივო”? რატომ უნდა მივცე ხმა ისეთ “ქალ ლიდერს”, რომელიც არ მიმაჩნია იმ ინსტიტუციის წარმატებულ მენეჯერად, რომელსაც ხელმძღვანელობდა?

ახლა კი დავაბაკუნოთ ფეხები: როგორ? აბა, ფრანკფურტი? აბა, სტუმარი ქვეყნის სტატუსი? აბა, ქართული ლიტერატურის ბუმი გერმანიაში? აბა, 200-ზე მეტი თარგმნილი წიგნი? აბა ის და აბა ეს? მაგრამ დავუბრუნდეთ ზემოთხსენებულ ინტერვიუს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: რა უნდა იყოს სახელმწიფოს როლი კულტურის პოლიტიკაში, ორი წინადადებით რომ თქვათო, ქალბატონი დეა პასუხობს:

ციტატა ინტერვიუდან: “ქართული კულტურა უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნისათვის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი და ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის მხრიდან პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტი.”

ეს არის ტიპიური სამომხმარებლო დამოკიდებულება კულტურის მიმართ (ისეთივე, როგორც ბანკის დამოკიდებულება თავისი კლიენტების მიმართ). არადა კულტურას, ცივილიზებული და ნორმალური ქვეყნის კონტექსტში, სრულიად საპირისპირო მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს და ინსტრუმენტი კი არ უნდა იყოს პოლიტიკის ხელში, არამედ სწორედ კულტურამ უნდა აქციოს პოლიტიკა ინსტრუმენტად, ხელსაწყოდ, თუ გნებავთ, იარაღად. და ეს პრინციპული სხვაობაა.

წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის ასეთი მიდგომა, ცხადია, აისახებოდა იმ შედეგებში, რაც ფრანკფურტში “დაიდო”. ქართული ლიტერატურა გამოყენებული იყო სწორედ იმ მიზნით, ერთ წინადადებაში რომ შეაჯამა ქალბატონმა დეამ – “პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტად”.

არ ვდაობთ, რომ ქართველი კლასიკოსების ტექსტებთან ერთად, თანამედროვე ავტორების ბევრი საინტერესო წიგნი თარგმნეს ქართველმა თუ უცხოელმა მთარგმნელებმა და ფრანკფურტის წარმატება პირველ რიგში სწორედ მთარგმნელთა ნაყოფიერი შრომის შედეგია. თუმცა ვთქვათ ისიც, რომ მრავლად გამოიცა მდარე ხარისხის, მაგრამ “კარგად შეფუთული” ტექსტებიც. მეცნიერულად დაუსაბუთებელი ჩემი აზრით, იგივე ფინანსებით ალბათ უფრო მეტი ხარისხიანი ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა შეიძლებოდა. მაგრამ ფრანკფურტის წარმატებებზე საუბრების მოსმენისას, მუდამ მქონდა განცდა, რომ ქართული ლიტერატურა იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც უცხოეთში საექსპორტოდ გამზადებული “პროდუქტი”. აკი, უყვართ ჩვენში მოდური და, ნუ გავექცევით ამ სიტყვას, სნობური სიტყვები: “სენსიტიური” თუ ახსენე, კარგ ტონად ითვლება, “კრეატიული” კი – მთლად მაღალი სტილია.

თუმცა დავსვათ მორიგი კითხვა: ვინ არჩევდა ამ საექსპორტოდ გასატან ლიტერატურას? რა იყო შეფასების კრიტერიუმი: “ბესთსელერები”? ავტორის ცნობადობა? ტექსტების ხარისხი? ამა თუ იმ გამომცემლობის გემოვნება და პრიორიტეტები? სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსების ჟიურის ახირებები? პოლიტიკური ქულები? ინტრიგები? შატო-მუხრანები? ამის შესახებ კულუარული საუბრებისა თუ მოარული ხმების გარდა არაფერი ვიცით. ცხადია, ლიტერატურა არაა ზუსტი მეცნიერება, მაგრამ ყველა ჟანრს თავისი კანონი აქვს, დაწერილი თუ დაუწერელი. დიახ, ასეთი კანონებიც არსებობს და ლიტერატურა სწორედ ის სფეროა, სადაც დაუწერელი კანონებია ყველაზე აქტუალური. თუმცა, იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ თუ ცივილურ და კულტურულ ქვეყანაზე გვაქვს პრეტენზია, კარგად გააზრებული კულტურის პოლიტიკა უნდა გვქონდეს და არა გამოფიტული დოკუმენტი, უნდა არსებობდეს მრავალი საგრანტო პროგრამა გაწერილი კრიტერიუმებით და “ბაზარს” არ მივუგდოთ ისეთი არაკომერციული სფერო, როგორიცაა ლიტერატურა.

დიახ, ჩვენ ბოლო წლებში აქტიურად ტირაჟირებად “საექსპორტო” ქართულ ლიტერატურას ვადევნებთ თვალყურს და გვავიწყდება, რომ ეროვნული ლიტერატურა უპირველესად “შიდა მოხმარების პროდუქტია”, ბევრს ვლაპარაკობთ “ტურისტების მოზიდვაზე” და გვავიწყდება, რომ ქვეყანამ პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეებისათვის უნდა გააჩინოს მიზიდულობის ცენტრები იმის ნაცვლად, რომ ფარასავით უცხოეთში გადარეკოს სამუშაოს მაძიებელი ხალხი, ხოლო დირექტორს ჰყოფნიდეს თავხედობა ამის საქვეყნოდ დაანონსების. ეს ყველაფერი არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს ყველაფერი საჭიროა “ისე, როგორც არასდროს”, “აქ და ახლა”.

კორონასავით უხილავი ლიტერატურული პროცესი

პირველად დაიბეჭდა “პუბლიკაში”: https://publika.ge/blog/koronasavit-ukhilavi-literaturuli-procesi/

ამ წერილს თავიდან შედარებით მოკლე Facebook-სტატუსის ფორმა ჰქონდა. მასზე ლიტერატურულ პროცესებში და მის მენეჯმენტში ჩართული რამდენიმე ადამიანი დავთაგე. სტატუსის ქვეშ განთავსებულმა კომენტარებმა უფრო მეტად დამარწმუნა, რომ ლიტერატურული პროცესის მენეჯმენტი საქართველოში დახვეწასა და მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს. უმადური ადამიანის პოზიციიდან რომ არ ვწერო, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ამ მხრივ ბოლო ხანებში გარკვეული წინსვლაა.

რეგულარულად შევდივარ მწერალთა სახლის ვებგვერდზე და ვკითხულობ ინფორმაციას ახალ-ახალი ინიციატივების შესახებ, იქნება ეს ლიტერატურული კონკურსები, მთარგმნელობითი რეზიდენციები, ავტორთა და მთარგმნელთა წამახალისებელი სტიპენდიები თუ სხვა. მიხარია, რომ მწერალთა სახლსა და კულტურის სამინისტროში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის ჰაერივით საჭიროა ასეთი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა მხოლოდ ეს არაა საკმარისი. „თვალსაჩინოებისათვის” მხოლოდ ერთი მაგალითის მოყვანაც კმარა: არ არსებობს ჟანრული ლიტერატურული პერიოდიკა, როგორიცაა ლიტერატურული კრიტიკის, თარგმანის ან თუნდაც პოეზიის თეორიებსა და პრობლემატიკაზე მომუშავე ჟურნალები, რომელთა დაფინანსებაც სახელმწიფოს იმაზე მეტი ნამდვილად არ დაუჯდება, რასაც იმ ავადსახსებელ საახალწლო განათებებსა თუ მთავრობის წევრების ვოიაჟებზე ხარჯავს…

თუმცა ერთია ფორმა და მეორე – შინაარსი (თუ პირიქით). გავიმეორებ, კულტურის ისეთი სფეროს განვითარება, როგორიცაა ლიტერატურა, გასაგები მიზეზების გამო, არ საჭიროებს დიდ ფინანსებს, როგორსაც მაგალითად, – კინოინდუსტრია, და უცნაური ტერმინი რომ ვიხმაროთ – „ხარჯეფექტურია”. მიუხედავად ამისა, საჭიროებს დიდ ცოდნასა და გემოვნებას, ასათვისებელ ბიუჯეტთან ერთად ლიტერატურული პროცესის სწორად დაგეგმვასა და განკარგვას, და მის ყველა მიმართულებაში პროფესიონალების ჩართვას.

ამ პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსები და პრემიები, რომლებიც, გასაგები მიზეზების გამო, ერთგვარ ფუფუნებას წარმოადგენს ავტორებისა და გამომცემლებისათვის, და სტიმულია მწერლებისა და მკითხველებისათვისაც. მაგრამ ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიების უპირველესი როლი ლიტერატურული პროცესის გამოცოცხლებასთან ერთად, ინტრიგებისა და კლანურობის ნიშნების წახალისებაცაა და დაჯილდოებების სერიალთა ამ მოდურ-შატოურ რიტუალებში თავად ლიტერატურული პროცესი და მასზე რეფლექსია იდევნება. რატომ? პასუხი არცთუ ისე რთულია: არ იმართება დისკუსიები თუნდაც შორთლისტებში შესული ავტორების ტექსტებზე, ვერ ვხედავთ თავად ლიტერატურული პროცესის სხვადასხვა მხარეს, ან თუნდაც – იმ ავადსახსენებელ „კულუარებს“, ასე ხშირად რომ იხმარება პრემიების კონტექსტში. პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საწყენი ისაა, რომ „პოეტების ქვეყანაში” პოეზიაში ცალკე კონკურსი არ არსებობს და პოეზია ამა თუ იმ პრემიაზე მხოლოდ ნომინაციის დონეზე განიხილება.

ამ მხრივ, უნიკალური იყო ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია პოეზიის მთარგმნელებისათვის, რომელიც წელს მწერალთა სახლის მიერ კურირებული პრემიების სიიდან გაქრა და გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ კურირებული, შეცვლილი ფორმით მოგვევლინა მთარგმნელთა 35 წლამდე ასაკის შეზღუდვით. მოკლედ, როგორც იტყვიან, „გაახალგაზრდავდა”. პოეზიის მთარგმნელთათვის ასეთივე ასაკობრივი შეზღუდვა დააწესა მწერალთა სახლის ახალმა პრემიამ „ლიტერა მთარგმნელებისათვის”. ცხადია, მთარგმნელთა დამოუკიდებელი პრემია წინ გადადგმული ნაბიჯია იმ ფონზე, როცა თარგმანი მხოლოდ ნომინაციის სახით არსებობდა ამა თუ იმ კონკურსზე. მაგრამ ამ პრემიების ორგანიზატორებმა რატომღაც არ გაითვალისწინეს ერთი გარემოება: „ლიტერაში” პოეზიის თარგმანი მხოლოდ ერთ ნომინაციაშია წარმოდგენილი – მთარგმნელის 35 წლამდე ასაკობრივი ბარიერით, მაშინ, როცა პროზა ცალკე, დამოუკიდებელ ნომინაციაშიცაა წარმოდგენილი. http://writershouse.ge/geo/new/1496

მოკლედ, პოეზიის თარგმანი „კოტეტიშვილის” პრემიის მსგავსად, „ლიტერაშიც” დაისაჯა, რადგან მთარგმნელებს, რომელთაც 35 წელს გადააბიჯეს, თავიანთი თარგმანების წარდგენის საშუალება არ მიეცათ. ეს პრემიის მენეჯმენტში დაშვებული შეცდომაა.

შემომეკამათებით და მეტყვით, რომ ახალგაზრდა მთარგმნელების წახალისება საჭიროა. უმალვე დაგეთანხმებით, რომ საჭიროა და აუცილებელი, რადგან ახალი თარგმანი ახალი ენა და რიტმია, წიგნის ახალი სიცოცხლეა და კულტურული ქვეყნის სტატუსი თუ გვინდა, თარგმანებს აუცილებლად სჭირდება არაერთი სუბსიდია, რადგან ეს სფერო კომერციულად მომგებიანი არაა. სამაგიეროდ, როგორც იტყვიან, მოგება გრძელვადიანია, რადგან კარგად თარგმნილი წიგნი ეროვნულ ლიტერატურას ამდიდრებს და ახალ სისხლს გადაუსხამს. ამ მხრივ, განსაკუთრებული სიფაქიზით უნდა მოვეპყროთ პოეზიის თარგმანს, რადგან ამქვეყნად თუკი რამეა არაკომერციული, ეს დიდი ძალისხმევითა და სკრუპულოზური შრომით შექმნილი პოეზიის თარგმანია.

შეცდომები იმას მოსდის, ვინც საქმეს აკეთებს. უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ შეცდომების აღიარება და ვიფიქროთ მათი გადაჭრის საუკეთესო გზებზე. ეს კულტურა საქართველოში ახლა მკვიდრდება და ამ დისკუსიებს ხელშეწყობა უნდა. სწორედ ამიტომ არაჩვეულებრივი იქნებოდა შეგვექმნა ღია, ონლაინ ლიტერატურული პლატფორმა, რომ თავად ლიტერატურული პროცესი არ ყოფილიყო უხილავი; რომ არავის ჰქონდეს შეგრძნება, რომ ამ პრემიებზე წარდგენილი წიგნების კორპუსებს მხოლოდ ავტორთა სახელები აწერია ფასადზე. შიგნით კი – ვინ რა ცხოვრებით ცხოვრობს, ვერ შევიტყობთ, მანამ, სანამ არ დავიწყებთ რეფლექსიას თავად პროცესზე, არ ჩავატარებთ დისკუსიებს, ჟიური მოკლე დასკვნის სახით მაინც არ დადებს თავის აზრს შორთლისტის ამა თუ იმ ნომინანტზე, არ შეიქმნება საერთო ონლაინპლატფორმა ტექსტების შესახებ გამოთქმული მოსაზრებების განსათავსებლად, სანამ ჟიური ერთხელ და სამუდამოდ არ ჩამოიხსნის „ანონიმურობის” იდუმალ ჩადრს და გახდება სრულიად კონკრეტული, ექნება არაერთი ბერკეტი, რომ დაასაბუთოს თავისი ფავორიტის ღირსება და ა.შ. ამ ციფრულ ეპოქაში, ასეთი პლატფორმის შექმნა სულ მცირე ხარჯითაა შესაძლებელი. მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვკარნახობს მისი შექმნის აუცილებლობას. არაერთი ასეთი პლატფორმა არსებობს, და შორს რომ არ წავიდეთ, მოკლედ მოგიყვებით ჩვენი მეზობელი ქვეყნის მაგალითზე, ქვეყნის, რომლის ლანძღვა ახლა „პროდასავლურობის” იარლიყის მიკერების მასკულტურის ნიმუშია.

სანკტ-პეტერბურგში, რომელიც რუსეთის ფედერაციის კულტურულ დედაქალაქად მოიაზრება, უკვე ექვსი წელია არსებობს არკადი დრაგომოშენკოს სახელობის პრემია. ესაა ექსპერიმენტული ახალგაზრდული პოეტური პრემია, რომელიც მიზნად ისახავს „მონოლითური” რუსული პოეტური კორპუსის შერყევას და გარკვეულწილად მის დეკონსტრუქციას. უბრალოდ რომ ვთქვათ, ახალი, თანამედროვე პოეტური ფორმების ძიებითაა დაკავებული. https://atd-premia.ru/  პრემიას ერთობ არასტანდარტული ფორმატი აქვს: ჟიურისთან ერთად არსებობენ ნომინატორები, რომლებიც, open call-ში შემოსული ტექსტების გარდა, პრემიაზე სხვადასხვა ავტორს წარადგენენ. ოც ნომინატორთა შორის არიან კურატორები, პოეტები, კრიტიკოსები, გამომცემლები და ლიტერატურული სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები.

საიტზე პრემიის ფარგლებში ჩატარებული დისკუსიებისა თუ კონფერენციების უამრავი ვიდეომასალაა. ყოველწლიურად იდება არა მხოლოდ მოკლე სიაში შესული ავტორების ტექსტები და ბიოგრაფია, არამედ – გრძელ სიაში შესული ავტორებისაც. თითოეულ პოეტს წარადგენს ერთ-ერთი ნომინატორი მისი შემოქმედების ორიენტირისა და ღირსებების მოკლე მიმოხილვით. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია შევიდეს პრემიის საიტზე და წაიკითხოს ახალი თუ საარქივო მასალა, მოუსმინოს პრემიის ფარგლებში ჩატარებულ დებატებს და ა.შ.

როგორც აღვნიშნე, ესაა სრულიად ახალგაზრდა, სულ რაღაც ექვსი წლის წინ დაარსებული პრემია. ეს არის წარმატებული მოდელი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი და პატარა ბიუჯეტი; მოდელი, რომლის მუშაობა პოეზიაზე შეყვარებული ადამიანების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც შესაძლებელია მსგავსი ონლაინპლატფორმის შექმნა. შესაძლებელია ინტერაქტიული პლატფორმაც, სადაც ჟიურის წევრების არგუმენტრებულ ერთაბზაციან ტექსტს მაინც წავიკითხავთ ლიტერატურის მოყვარულები, გვექნება ინტერაქტივის, ამა თუ იმ თემაზე დისკუსიის საშუალება, და ეს ყველაფერი იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც „ცა-ფირუზ-ხმელეთ ზურმუხტი“.